ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო, პუტინი თავისი პროექტის გადარჩენას ცდილობს
საბერძნეთში ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) 550 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. მილსადენის წყალობით, რომელიც კიდევ ერთ მიმდინარე პროექტს - ტრანსანატოლიურ მაგისტრალს (TANAP) - მიუერთდება, აზერბაიჯანში, „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან მიღებული ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით, საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას მიეწოდება.
ენერგოდერეფანი 2019 წელს ამოქმედდება და მისი მეშვეობით, პირველ ეტაპზე, წელიწადში 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება. თუმცა, რამდენიმე წელიწადში ამ მოცულობის გასამმაგებას ვარაუდობენ. პროექტში მოიაზრება ყაზახეთის ჩართვაც, რომელიც ბუნებრივი აირის საბადოებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. TAP ევროპულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რუსეთის გარდა, გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები მოიძიონ, რომელიც დღეს მონოპოლისტია და თავის მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, TAP-ის მილსადენი საბერძნეთსა და ევროპას „ახალ ერაში“ შეიყვანს. პროექტი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში 8 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ხელს შეუწყობს.
„TAP ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოური საინვესტიციო პროექტია, რომელიც საბერძნეთში ხორციელდება“, - აღნიშნა ციპრასმა ქალაქ თესალონიკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
TAP-ის პირდაპირი კონკურენტია „პოსეიდონი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ ინიცირებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე მისალდენის მშენებლობას და თურქეთის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირებას საბერძნეთსა და იტალიაში. „პოსეიდონის“ განვითარებაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი „გაზპრომმა“, იტალიურმა Edison-მა და საბერძნეთის DEPA -მ (ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაცია) 24 თებერვალს მოაწერეს. თუმცა, ექსპერტების აზრით, მისი რეალიზაციის პერსპექტივები ჯერ კიდევ ბუნდოვანია - არსებობს სხვა წარმატებული პროექტები, გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო ჩამოაგდო და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დაიძაბა, პროექტზე მოლაპარაკებები შეჩერდა.
რუსეთი საბერძნეთთან ურთიერთობების გაღრმავებას მაინც ცდილობს - 28 მაისს ათენში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტია დაგეგმილი. როგორც ევროპული მედია და ექსპერტები ვარაუდობენ, ენერგეტიკის საკითხებს დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს მიუჩენენ, მათ შორის, „პოსეიდონსაც“. ამასთანავე, როგორც ევროპული ონლაინ-გამოცემა EurActiv დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ათენი და მოსკოვი რუსეთის მიერ საბერძნეთის ენერგოობიექტებში, მაგალითად, DEPA -ში (და სარკინიგზო კომპანია TRAINOSE-ში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობას განიხილავენ.
ბელა ნოზაძე