საარჩევნო ინცინდენტებმა შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს
საქართველომ უვიზო რეჟიმის დროულად მიღებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ყველა მინისტრსა და ორგანიზაციისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, თუმცა, საარჩევნო ინცინდენტები ამ პროცესს ხელს არ უწყობს, - განაცხადა დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, ვიქტორ დოლიძემ.
„საქართველო რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე ადგილზეა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ის, რაც მოხდა ზუგდიდში და წინასააჩევნო ბატალიები, ძალიან არ უწყობს ხელს. აქედან, ბრიუსელიდან, ვეუბნები ჩვენს თანამოქალაქეებს, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და, რა თქმა უნდა, პარტიებსა და ორგანიზაციებს, ყველამ უნდ შევიკავოთ თავი. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და მივმართავ, რომ ყველა ღონე იხმაროს, კატეგორიული და სწორი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით,რათა კითხვები არ დატოვოს, რადგან ერთი თვე დარჩა გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენ არ უნდა მივცეთ არანაირი საფუძველი, არც ევროკავშირის საბჭოს, არც აღმსარულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპარლამენტში, რომ ეს პროცესი ან შეჩერდეს, ან გაიწელოს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ, მართალია, ევროპელ დეპუტატებს სხდომაზე ზუგდიდის ინცინდენტი არ უხსენებიათ, მაგრამ ყურადღება გაამახვილეს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვის საკითხებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა და ეს ევროპარლამენტარებმაც აღნიშნეს. საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საბჭოს სხდომის ხვალინდელ დღის წესრიგში. თუმცა, მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, დემოკრატიის განვითარების კუთხით, საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ არჩევნები საქართველოსთვის ძალიან დიდი ტესტია - დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განცხადება გააკეთა გუშინდელ ინცინდენტზე, მოხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურს გააკეთებს, რათა პროვიკაციები არიდებული იქნას“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის, ივანე ჩხიკვაძეს თქმით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევებმა და ინცინდენტებმა, შესაძლოა, ქვეყნიდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზარდოს. რაც უარყოფითად იმოქმედებს ვიზალიბერალიზაციაზე (ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელსაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის იყენებს )
„ეს აჩენს პოლიტიკური დევნის საბაბს და არის რისკი, რომ ამ საბაბით გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებში წასული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც იტყვიან, რომ პოლიტიკურად იდევნებიან და მოითხოვენ თავშესაფარს. შესაბამისად, რომელიმე სკეპტიკურად განწყობილმა ქვეყანამ შეიძლება, გადაწყვეტილების მიღება დროში გადაავადოს. ეს საფრთხე რეალურია“, - განუცხადა ივანე ჩხიკვაძემ eugeorgia.info-ს.
გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე, პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტში სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს თავს დაესხნენ.
ბელა ნოზაძე