საქართველოში ბოლო 12 წელიწადში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს 2014 წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4%-ით შემცირდა და 12% შეადგინა, ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (პიკი 2009 წელს დაფიქსირდა - 16,9%).
2015 წელს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 67.8 პროცენტი შეადგინა, მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა. დასაქმების დონე კი 1.4%-ით გაიზრდა, 59,7%-მდე. აქედან, ქალაქში - 2.3%-ით, ხოლო სოფლად - 0.8%-ით. როგორც სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, დასაქმებულად ითვლება 15 წლის ასაკიდან პირი, რომელიც გამოკითხვამდე 7 დღით ადრე, თუნდაც, ერთ საათს შემოსავლის მიღების მიზნით მუშაობდა, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, მაგრამ ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.
ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულები (57,5%). მათი რაოდენობა შარშან 2,7%-ით შემცირდა (ამ პროცესმა ბოლო წლებში ტენდენციის სახე მიიღო). თვითდასაქმებულად კი ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და შემოსავალი გააჩნია (მაგალითად, ფერმერები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები). სამაგიეროდ, 8,8%-ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლად (4,8%), ვიდრე ქალაქში (21,9%), თუმცა, ორივე მიმართულებით კლება (0,6%-იანი) დაფიქსირდა.
წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონებს შორის გაიზარდა შიდა ქართლში (0,8%-ით) და კახეთში (0.7%-ით), სამაგიეროდ, 1,1%-ით შემცირდა თბილისში, სადაც უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2015 წელს 2014 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (0.2%-ით), ასევე კაცებში (0.5%-ით) და შესაბამისად 10.2% და 13.5% შეადგინა. რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს, ყველაზე მეტი უმუშევარი (32%) 20-24 წლის მოსახლეობაში ფიქსირდება. მათი რაოდენობა კი ერთი წლის განმავლობაში 1.5%-ით გაიზარდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, საქართველოსთან შედარებით უმუშევრობის გაცილებით მაღალი დონეა ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა, პორტუგალია (12,2%), ხორვატია (18%), ესპანეთი (21%), საბერძნეთი (24%) და მაკედონია (25%).
ბელა ნოზაძე