"6 დღეში ხელისუფლებას დღე-ღამის გასწორება მოუწევს, რომ ბრიუსელში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ"
“ჩემთვის არაოფიციალურად სხვადასხვა წყაროსგან ცნობილია ის, რომ წევრ ქვეყნების წარმომადგენელთა შორის აზრი ორად იყოფა. ერთი ჯგუფი ე.წ. "სკეპტიკოსი ქვეყნები" მხარს არ უჭერენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას, ელოდებიან რა ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმის დამტკიცებას. მეორე ჯგუფი ე.წ. "მეგობარი ქვეყნები" მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას უპირობოდ”,-ამბობს „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები უკვე მეორედ ვერ შეთანხმდენენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე. საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის იყვნენ გერმანია და საფრანგეთი.
“ბოლო სხდომაზე მუდმივმა წარმომადგენლებმა დაიწყეს კომპრომისული ვარიანტის განხილვა. ეს ვარიანტი ითვალისწინებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას, რომელიც ამოქმედდება ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის პარალელურად. ამას ორი მხარე აქვს: დადებითი ისაა, რომ საქართველოს აღარ მოუწევს თურქეთის, კოსოვოს, უკრაინისათვის ლოდინი და უარყოფითი, არავინ არ იცის როდის დამტკიცდება ეს მექანიზმი და როდის შევა ძალაში, შეიძლება ეს იყოს არჩევნების მერე, შეიძლება მანამდე, შეიძლება 2017-ში.... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დაბნეულია და არ აქვს გეგმა "ბ". 9-10 ივნისს გასამართი იუსტიციის მინისტრთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების ფაქტიურად ორი შეხვედრაა ჩანიშნული. ამ 6 დღეში ხელისუფლებას დღე და ღამის გასწორება მოუწევს, რომ ბრიუსელში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული”, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
“როიტერის” ინფორმაციით, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა შეფერხდება უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთთან დაკავშირებითაც, ვინაიდან მიგრაციის პრობლემების გამო ევროკავშირმა გადაწყვიტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დასკვნა და თანხმობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭო მათ მიერ მომზადებულ საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. საბჭოს თანხმობის შემდეგ კი ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი მიიღებს. საბჭოს სხდომა 9-10 ივნისსაა ჩანიშნული. ევროპარლამენტი კი ბოლოს სესიას 4-7 ივლისს გამართავს და მუშაობას სექტემბრის შუა რიცხვებში განაახლებს.