კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის მეორე ეტაპი იწყება
მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს საჭირო ინვენტარი: ხის სკა, პენოპოლისტიროლი, ჯამურად 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და საწური (ციბრუტი) ღირებულების 30%-ად გადაეცემათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს ლაბორატორიულ შემოწმებას.უფასოდ ჩაუტარებს.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას - „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის”- ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები და შშმ პირები, პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20%-ად.
როგორც კოოპერატივების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპზე 98 კოოპერატივმა 7588 სკა მიიღო, მეორე ეტაპზე იგეგმება 51 კოოპერატივისთვის 3609 სკის გადაცემა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41, 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია დისტანციურად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი, ბმულზე: http://acda.gov.ge/index.php/geo/static/175