ღორის ხორცის იმპორტი 9 წელში 6-ჯერ გაიზარდა, ქართული პროდუქცია უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს
ღორის ხორცის მწარმოებლები უკრაინელებს კონკურენციას ვერ უწევენ.
როგორც ფერმერბა, ბიძინა გიგაურმა, "ექსპოჯორჯიაში" გამართულ ფერმერთა მეორე კონგრესზე განაცხადა, 2008 წლამდე, ვიდრე აფრიკული ცხელების გამო ღორის სულადობა საქართველოში მასობრივად შემცირდებოდა, ქვეყანა ხორცზე თავის მოთხოვნას, თითქმის, სრულად აკმაყოფილებდა. თუმცა, შემდეგ ადგილობრივი პროდუქციის მიერ გამოთავისუფლებული ადგილი ბაზარზე იმპორტმა დაიკავა.
"ადრე ბრაზილიდან შედარებით მცირე რაოდენობის გაყინული ღორის ხორცი შემოდიოდა, 2008 წლის შემდეგ კი პროდუქციაზე ისეთი დეფიციტი შეიქმნა, არა მარტო ხორცი, უკვე ცოცხალი ღორების იმპორტი დაიწყო ევროპიდან და უკრაინიდან", - აღნიშნა ფერმერმა, რომელიც ახმეტის რაიონში 300-სულიან ფერმას ფლობს.
ბიძინა გიგაურის თქმით, ქართველი მწარმოებლებს კონკურენციის გაწევა უცხოელებთან, მათ შორის, უკრაინელებთან ძალიან უჭირთ და დარგი მძიმე მდგომარეობაშია.
"მათთან კონკურენციაში ყოველთვის დავმარცხდებით , რადგან თვთღირებულება მეტი გვიჯდება: 1 კგ სიმინდი ცოტა ხნის წინ 60 თეთრად ვიყიდე, იქ კი, 15 თეთრი ღირს, როგორც ვიცი. მყიდველს კი დაბალი ფასი აინტერესებს", - აღნიშნა ბიძინა გიგაურმა.
ფერმერმა კონგრესზე მოწვეული სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოითხოვა ინფორმაცია, აქვს, თუ არა სამინისტროს დარგის განვითარების გრძელვადიანი გეგმა.
"ვიცით, რომ თვითუზრუნველყოფის დონე მეღორებაში დაბალია და იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. სექტორს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ვაფინანსებთ, როგორც ფერმებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ასევე სხვა მიმართულებით", - აღნიშნეს მოხელეებმა.
აღსანიშნავია, რომ ღორის ხორცის იმპორტის მოცულობა საქართველოში 2006 წელს (აფრიკული ცხელების დაფიქსირებამდე) 4,8 მილიონი დოლარით განისაზღვრებოდა, ეს მაჩვენებელი 2008 წელს 16,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი 26,5 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ცოცხალი ღორების იმპორტს, 2006-დან 2015 წლამდე მისმა მოცულობამ 138 ათასი დოლარიდან 3,8 მილიონ დოლარამდე მოიმატა.