თუ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირში 7-8 ივნისს არ მიიღებენ, საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადაიდება
თუ 7-8 ივნისს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობების (COREPER II) ელჩებმა საქაართველოსთვოს უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, საკითხის განხილვა ოქტომბერში გადაიდება.
როგორც „ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე აცხადებს, 9-10 ივნისს იმართება ეგროკავშირის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომელმაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მანამდე ჩანიშნულია COREPER II-ის ორი შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ. თუ ელჩებნა კონსენსუსს მიაღწიეს, მაშინ საკითხს მიენიჭება ე.წ. "A სტატუსი", რაც ნიშნავს, რომ 10 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო დამატებით დებატებს ამ საკითხზე აღარ გამართავს და დაამტკიცებს იმ ფორმით, რა ფორმითაც COREPER II-დან მიიღებს.
"იმ შემთხვევაში, თუ COREPER II-ზე კონსენსუსი არ შედგა, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს საკითხის განხილვაში, შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი დებატები საბჭოში. ასეთ დროს საკითხს ენიჭება ე.წ. "B სტატუსი" - შეიძლება, დაუბრუნდეს უკან "ვიზის სამუშაო ჯგუფს", ან დისკუსიისთვის გავიდეს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე. ანუ, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მინისტრებმა დებატების შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში უკვე არის შეტანილი საკითხი, ეს ნიშნავს, რომ თემა ე.წ. "ვიზის ჯგუფში" აღარ დაბრუნდება და შეხვედრაზე გავა "A", ან "B" სტატუსით", - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, COREPER II-ის ელჩების მომდევნო შეხვედრა 15 ივნისს უნდა გაიმართოს, ანუ, 9-10 ივნისს დაგეგმილი შსს და იუსტიციის მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ. რაც შეეხება, მინისტრთა საბჭოს მომდევნო სხდომას, ის 13-14 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
"ევროპარლამენტს, რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ამ პროცესში, საზაფხულო არდადეგებზე გასვლამდე დაგეგმილი აქვს ორი პლენარული სხდომა - 22-23 ივნისს და 4-7 ივლისს", - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე.