გორში საკონსერვო ქარხანა იხსნება
კომპანია „ჯეო კონცენტრატი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკონსერვო ქარხანას ხსნის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა, საწარმოს მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია, პროდუქციის გამოშვებას კი ერთ თვეში შეძლებს. კომპანია, ძირითადად, წვენებისა და კომპოტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
„დაახლოებით, ნახევარი მილიონი ქილის გამოშვებას ვგეგმავთ, რომლის ნაწილი ექსპორტზე გავა. ბრენდზეც ვმუშაობთ - პროდუქცია ქსელში „ბატონო“-ს სახელწოდებით ჩაეშვება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
კომპანიას სახელმწიფოსგან გორის რაიონის სოფელ კარალეთში 200 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადაეცა, ინვესტორმა ვალდებულება აიღო, 330 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ვანო გოგლიძემ, რომელიც, იმავდრულად, გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დამფუძნებელია, ახლო მომავალში თევზისა და ხორცის კონსერვების ხაზის დამატებასაც აპირებს, რაც საწარმოს 1 მილიონი დოლარი დაუჯდება
„სავარაუდოდ, ადგილობრივი ნედლეულის ბაზა საკმარისი არ იქნება, საუკეთესო შემთხვევაში, მოთხოვნის 70%-ს დააკმაყოფილებს, დანარჩენს უცხოეთიდან შემოვიტანთ. გასაღების ბაზარი, ძირითადად, საქართველო იქნება, რადგან ეს სეგმენტი თითქმის ყველგან კარგად არის განვითარებული. ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფო ტენდერებში“, - აღნიშნა ივანე გოგლიძემ.
ბელა ნოზაძე