ღვინის ექსპორტი 44%-ით გაიზარდა, თუმცა, 2014 წლის რეკორდს მაინც მკვეთრად ჩამორჩება
ღვინის ექსპორტი საქართველოდან იანვარ-მაისში გასულ წელთან შედარებით, 44%-ით გაიზარდა და 15 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ექსპორტის საერთო ღირებულებამ კი 35 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში - 106%-ით (1,2 მილიონი ბოთლი), უკრაინაში- 73%-ით (1,9 მილიონი ბოთლი),რუსეთში - 59%-ით (7,6 მილიონი ბოთლი), ბელარუსში - 77%-ით (263 ათასი ბოთლი), პოლონეთში - 30%-ით (836 ათასიბოთლი). ექსპორტიორთა ხუთეულში შედის ყაზახეთიც- 1,6 მილიონი ბოთლი. ექსპორტის მატების მიუხედავად, ქართული ღვინო კვლავ მცირედ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ლიტვაში - 244 ათასი ბოთლი (+46%), ესტონეთში - 235 ათასი ბოთლი (+17%), გერმანიაში - 141 ათასი ბოთლი (+31%) და დიდ ბრიტანეთში - 52 ათასი ბოთლი (+79%).
თუმცა, ისიც საგულისხმოა, რომ ღვინის ექსპორტი წელს 2014 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 22 მილიონ ბოთლს- მაინც მკვეთრად ჩამორჩება. მიზეზი რუსეთსა და უკრაინაში ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენები გახდა.
რაც შეეხება ბრენდს, ხუთი თვის განმავლობაში უცხოეთში რეალიზებული სასმლის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა და 3,3 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა, ღირებულებით გამოხატულებაში კი 35%-იანი მატება დაფიქსირდა (7,7 მილიონიდოლარი).
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 61,1მილიონ დოლარს გადააჭარბა (გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მილიონ დოლარს შეადგენდა).