ევროკავშირი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად 200 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისიამ „სამეზობლოს საინვესტიციო მექანიზმისთვის“ (Neighbourhood Investment Facility) 200 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის სამხრეთსა და აღმოსავლეთით მდებარე 11 ქვეყანას ფარავს, მათ შორის, საქართველოს.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, თანხა მეზობელი ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, დამატებით, 2 მილიარდი ევროს ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს; ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის გარდა, მიმართული იქნება სოციალური და კერძო სექტორების მხარდაჭერისკენ.
„ევროკავშირის დახმარების ძირითადი მიზანია მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარება, რომელიც მათ სტაბილურობის მიღწევაში დაეხმარება. ფონდის მეშვეობით პარტნიორებს საშუალება ეძლევათ, მოიზიდონ სასიცოცხლოდ აუცილებელი ინვესტიციები, რომელთა განხორციელება ეკონომიკური რისკების გამო შესაძლოა, გადავადებულიყო. გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან მისი ურყევი სურვილის დემონსტრირებაა, მხარი დაუჭიროს რეგიონში ინვესტიციების ზრდასა და ინკლუზიურ განვითარებას, რაც აუმჯობესებს ქვეყნების მდგრადობას და მოქმედებს მიგრაციულ პროცესებზე“, - განაცხადა ევროპის სამეზობლო პილიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა.
Neighbourhood Investment Facility ევროკავშირის კერძო და სახელმწიფო სექტორიდან მოზიდული ფინანსური რესურსების კომბინირებული ინსტრუმენტია , რომელიც მოიცავს როგორც გრანტებს და სესხებს, ასევე საწესდებო კაპიტალში მონაწილოებას. ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის სპეციალურ დახმარებასაც ითვალისწინებს. 2008 წლიდან (პროგრამის დაწყებიდან) 2014 წლამდე Neighbourhood Investment Facility -მა 1 მილიარდი დოლარით 95 პროექტი დააფინანსა, დამატებით, მისი დახმარებით, პროექტებმა 25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს.
ბელა ნოზაძე