რიკარდ ჯოზვიაკი: ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობების (COREPER II) ელჩებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ვერ მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელიდან რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ ჯოზვიაკი „ტვიტერზე“ ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხზე ამჯერად უკვე ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ.
„ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე, eugeorgia.info -სთან აცხადებს, რომ ალბათობა, მინისტრებმა ელჩებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირონ, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.
მისი თქმით, რადგან COREPER II-ზე კონსენსუსი ვერ შედგა, საკითხს მიენიჭა ე.წ. "B სტატუსი", რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს საკითხის განხილვაში, შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი დებატები საბჭოში, ასევე დაუბრუნდეს სამუშაო ჯგუფს უკან.
„COREPER II-ის ელჩების მომდევნო შეხვედრა 15 ივნისს უნდა გაიმართოს, ანუ, 9-10 ივნისს დაგეგმილი შსს და იუსტიციის მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ. რაც შეეხება, მინისტრთა საბჭოს მომდევნო სხდომას, ის 13-14 ოქტომბერსაა ჩანიშნული", - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე.
შესაბამისად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვა, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გადაიდება.