ინვესტიციები საქართველოში ორჯერ გაიზარდა, თუმცა, რეინვესტირება საწარმოებში შემცირდა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წლის I კვარტალში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და 376 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველ კვარტალში 2008 წლის შემდეგ (538 მილიონი დოლარი) არ დაფიქსირებულა.
როგორც სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, ინვესტიციის შემომავალი ნაკადები 1 მილიარდ 331 მილიონ დოლარს აღწევდა, თუმცა, სესხის კაპიტალიზაცია განხორციელდა და თანხის ძირითადი ნაწილი კომპანიების სააქციო კაპიტალის შევსებას მოხმარდა (1 მილიარდ 10 მილიონ დოლარამდე), შესაამისად, სავალო ვალდებულებების შემცირებამ -686 მილიონ დოლარს მიაღწია. რეინვესტირების მოცულობა კი მხოლოდ 52 მილიონი დოლარით განისაზღვრა (გასული წლის პირველ კვარტალში 81 მილიონ დოლარს აღწევდა, 2014 წელს კი - 93 მილიონ დოლარს).
საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი პირველ კვარტალში აზერბაიჯანი იყო, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 137 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება განხორციელა (მთლიანი ინვესტიციების 36%). როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს, თანხის ძირითადი ნაწილი ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებში ჩაიდო (სავარაუდოდ, დიდი წილი მოდის ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობაზე, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოში 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და ორი საკომპრესორო სადგურის მოწყობა იგეგმება, რაც, ჯამში, 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოითხოვს, ასევე ინვესტორებს შორის ფიგურირებს კომპანია „სოკარიც“, რომელიც საქართველოში გაზიფიცირებას ახორციელებს).
სიდიდით მერე ინვესტორი თურქეთია (57 მილიონი დოლარი), სტატისტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნიდანაც ინვესტიცია ძირითადად, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, მშენებლობასა და საფინანსო საქმიანობაში ჩაიდო.
ლიდერთა სამეულში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი - 44 მილიონი დოლარი (აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებაში კომპანია "British Petroleum"-იც მონაწილეობს).
მეოთხე ადგილზე არატრადიციული ინვესტორი კორეაა (სავარაუდოდ, კომპანია "K Water", რომელიც სვანეთში ნენსკრაჰესს აშენებს. 280 მგვატი სიმძლავრის ენერგოობიექტის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს, რაც, ჯამში, 1 მილიარდი დოლარი დაჯდება).
სამაგიეროდ, ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები ნიდერლანდებიდან (2016 წლის პირველი კვარტალი - 22 მილიონი დოლარი, 2015 წლის პირველი კვარტალი - 32 მილიონი დოლარი, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალი - 87 მილიონი დოლარი), ვირჯინიის კუნძულებიდან (ოფშორიდან) კი საქართველოში 12 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% -ით გაიზარდა და 200 მილიონ დოლარს მიაღწია (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტია), მეორე ადგილზე, 58 მილიონი დოლარით, საფინანსო სექტორია,ენერგეტიკაში კი შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი კაპიტალი ჩაიდო- 40 მილიონი დოლარი.
წინა წელთან შედარებით, გამოცოცხლდა უძრავი ქონების სექტორი, სადაც 22 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 26%-ით შემცირდა კაპიტალდაბანდებები მშენებლობაში (19 მილიონი დოლარი), ხოლო 2,6-ჯერ - სამთო მოპოვებით მრეწველობაში (7 მილიონი დოლარი).
ბოლო სამი წლის განმავლობაში, მცირედ, მაგრამ სტაბილურად იზრდება ინვესტიციები სასტუმროებსა და რესტორნებში (2014 წლის პირველი კვარტალი - 15 მილიონი დოლარი, 2015 წლის პირველი კვარტალი - 17 მილიონი დოლარი, 2016 წლის პირველი კვარტალი - 19 მილიონი დოლარი).
სოფლის მეურნეობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში მხოლოდ 3-3 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ბელა ნოზაძე