ბულგარეთის, რუმინეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია მოითხოვეს
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ საქართველოსთვის პირველი შესაძლებლობისთანავე თავისუფალი სავიზო რეჟიმი მინიჭება მოითხოვა.
ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავიანთი თხოვნა წერილობით დღეს ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო სამსახურს გაუგზავნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა EUobserver ავრცელებს.
წერილში მინისტრები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას 10 ივნისს ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე მიაღწევენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების სხდომაზე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ელჩებმა დაბლოკეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ხუთი ქვეყნის მაღალჩინოსნების ინიციატივა.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ, რომელიც ნეგატიურად არის განწყობილი, თავისი გადაწყვეტლება საქართველოდან წასული კრიმინალების მომრავლებით ახსნა.
ხუთი ქვეყნის მინისტრების წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულა, შესაბამისად, საჭიროა, ბლოკმაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგას.
„გადაწყვეტილების გადადება საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს ნდობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებსა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში“, - აღნიშნულია მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი უკრაინისთვის, რომელმაც ასევე შეასრულა ევრკავშირის ყველა მოთხოვნა, 14 ივნისს უნდა განიხილონ, თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ გერმანია კვლავ წინააღმდეგი იქნება.
ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით EUоbserver წერს, რომ გერმანიამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე უარი უკრაინის გამო განაცხადა. ამ საკითხს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ბერკეტად გამოიყენებს.
„რამდენიმე წევრი-ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას გააჭიანურებს, რათა უკრაინა დაამშვიდოს. ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა მინსკის პროცესში, ბორდში უკრაინის შენარჩუნებისკენაა მიმართული“, - აღნიშნა დიპლომატმა.
მინსკის შეთანხმების მიხედვით, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით გასულ წელს მიაღწიეს, რუსეთი ვალდებულია, უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს.
ევროპელი დიპლომატის თქმით, თუ პროცესი დადებითად წარიმართა, საქართველოცა და უკრაინაც უვიზო რეჟიმს სექტმებერში მიიღებენ.