საქართველო ყაზახეთს 28 მილიონი დოლარის დავალიანებას გადაუხდის
საქართველო ყაზახეთს ვალის დაბრუნების პირობებზე შეუთანხმდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ყაზახეთში განაცხადა.
ვიცე-პრემიერი ასტანაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახურ მედიას განუცხადა, მხარეებმა შეძლეს დიდი ხნის გადაუჭრელ საკითხზებზე შეთანხმებულიყვნენ, მათ შორის, 27,8 მილიონი დოლარის მოცულობის ვალის გადახდის მექანიზმსა და დასარიცხ პროცენტებზე, რომელიც საქართველოს ყაზახეთის წინაშე დაუგროვდა. აღნიშნული თანხის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება 1996 წელს გაფორმდა და ვალი ათ წელზე გადანაწილდა. თუმცა, 2004 წლის ივნისიდან საქართველო ყაზახეთს სარგებელს აღარ უხდის, არც ძირითადი თანხაა დაფარული.
ყაზახური მედია იუწყება, რომ საქართველოს შემხვედრი პრეტენზია გააჩნდა 2,3 მილიონ დოლარზე, რომელიც ყაზახეთს საქართველოს წინაშე 1992 წელს, საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნამდე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად დაუგროვდა.
ჯერჯერობით, უცნობია, როგორ გადაწყდა კიდევ ერთი სადავო საკითხი - კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების შესახებ.
ყაზახურ გამოცემას Forbes.kz დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომ მართვაში დაბრუნდება ქართულმა მხარემ ყაზახურ კომპანიას რამდენიმეჯერ შესთავაზა, მათ შორის, თებერვალში, ყაზახეთის ვიცე-პრემიერის, ბაკიტჟან საგინტაევის თბილისში ვიზიტის დროსაც, თუმცა, გარკვეულ საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
თბილისის ბუნებრივი აირის დისტრიბუტრი კომპანია 2006 წელს პრივატიზაციის შედეგად ყაზახურმა „ყაზტრანსგაზმა“ შეისყიდა. 2009 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საჩივრის საფუძველზე, რომლის წინაშე კომპანიას 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, სასამართლომ ყაზახური მენეჯმენტი მართვას ჩამოაშორა იმ დრომდე, ვიდრე კომპანიას ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა.
„ყაზტრანსგაზი“მოლაპარაკებებს ენერგოდისტრიბუტორი საწარმოს დაბრუნებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან 2009 წლიდან აწარმოებს, მათ შორის, განიხილებოდა კომპანიის დავალიანების გაქვითვა საქართველოს ყაზახეთის მიმართ არსებული ვალის სანაცვლოდ, თუმცა, მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს.
„ყაზტრანსგაზში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ ქართული შვილობილი კომპანიის გაყიდვა სურთ ჩადებული ინვესტიციების მოცულობის გათვალისწინებით. მათი მტკიცებით, ენერგოდისტრიბუტორ კომპანიაში 2006-2009 წლებში 100 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
ბელა ნოზაძე