ქართული კომპანია გერმანულთან ერთად ბლოკების ქარხანას აშენებს
თბილისის მახლობლად "იტონგის" ბრენდის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობა იწყება.
პროექტს, რომელსაც ქართული კომპანია Ytong Capital გერმანულ Xella-სთან ერთად ახორციელებს, ნაწილობრივ, საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს მოაწერეს.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, იტონგი ინოვაციური სამშენებლო პროდუქტია, რომლის თბოგამტარობა სხვა ბლოკებთან შედარებით, 5-ჯერ გაუმჯობესებულია, გაცილებით მსუბუქია, რაც არმატურაზე ხარჯების შემცირებასა და სამშენებლო პროცესის დაჩქარებას ხელს უწყობს.
‘Ytong-ის ბლოკის დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, 20-30%-ით დაზოგოს შენობის გათბობა-გაგრილებისათვის საჭიროენერგიის მოხმარება. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენებისთვის ხელშეწყობა“,-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.
საწარმოოს სიმძლავრეა 160 ათასი კუბური მეტრი ბლოკი/წელიწადში. კომპანიამ ექსკლუზიური ლიცენზია მიიღო, რომლის მიხედვით, პროდუქციის ნაწილი საქართველოში, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში გაიყიდება.
ქარხანა 2017 წლის ბოლომდე აშენდება, პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი, დაახლოებით, 14 მილიონი დოლარია.
Ytong Capital ადგილობრივი კერძო კომპანია, რომელიც სპეციალურად იტონგის პროექტის განხორციელებისთვის შეიქმნა, რაც შეეხება Xella-ს, ის სამშენებლო მასალებისა მწარმოებელი წამყვანი გერმანული კომპანიაა. Xella მსოფლიოს 20 ქვეყანაში 90-ზე მეტ ქარხანას ფლობს.