პროექტების მართვის სააგენტო ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს Global Gap-ის დანერგვაში დაეხმარება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს საერთაშორისო სტანდარტის, Global Gap-ის, დანერგვაში დაეხმარება. აღნიშნული სერთიფიკატი აუცილებელია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში შეტანა სურთ.
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში“ სააგენტო ტექნიკურ დახმარებას კომპანიებს აქამდე სურსათის უვნებლობის სხვა სისტემების, მათ შორის, ISO 22000 –ისა და HACCAP-ის დანერგვაში უწევდა.
როგორც eugeorgia.info-ისთვის გახდა ცნობილი, სააგენტომ უკვე მიმართა მთავარ დონორს, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID-ს) პროექტში ცვლილებების შესატანად, ზეპირი შეთანხმება ამერიკული მხარესთან უკვე მიღწეულია, მემორანდუმი კი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.
ISO 22000-სა და HACCAP-ის დანერგვა სააგენტოს დახმარებით მხოლოდ თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარებს შეუძლიათ, თუმცა, Global Gap-ზე, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ არის, ექნებათ თუ არა სხვა კომპანიებს შესაძლებლობა, სააგენტოში განაცხადი შემოიტანონ.
Global Gap-ის სტანდარტების დანერგვის ხარჯების 50%-70%-ს (მხარეები ზუსტ ციფრზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ) სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად საწარმო გადაიხდის (ISO-სა და HACCP-ის შემთხვევაში, 50% ამერიკულ მხარეზე, 30% - პროექტების მართვის სააგენტოზე, ხოლო 20%- ბენეფიციარზე ნაწილდებოდა).
Global Gap-ის დანერგვის ხარჯის მოცულობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწარმოს ნაკვეთის ფართობსა და სხვა მახასიათებლებზე. თუმცა, საშუალოდ, 15-17 ათასი დოლარი ჯდება.
აღსანიშნავია, რომ საწარმოებში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა „თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში პროექტების მართვის სააგენტომ ერთი თვის წინ დაიწყო და დღემდე 8 ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის, თხილის, რძის გადამამუშავებელი, გამშრალი ხილისა და კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანიები. მეწარმეების ტექნიკური დახმარებისთვის, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარია გამოყოფილი.