თიზ-ებს კონკურენციას სახელმწიფო პროგრამები უწევენ
„ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“, რომელიც ქუთაისში 2015 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა, უკვე 15 კომპანია დარეგისტრირდა.
როგორც თიზ-ის ხელმძღვანელმა, სოსო ნიბლაძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა, ძირითად ინტერესს ჩინური და მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული და უკრაინული კომპანიები გამოხატავენ. ყველაზე გამორჩეულ პროექტად მან ხის გადამამუშავებელი კომპანია „ჯორჯიან შუმი“ დაასახელა.
„კომპანია საქართველოში ხის მოპოვების ლიცენზიას ფლობს. პირველადი გადამუშავებული პროდუქცია ექსპორტზე ირანში, არაბთა საემიროებსა და რეგიონების ქვეყნებში გააქვს, რაც შეეხება ავეჯს, ის ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება“, - აღნიშნა ნიბლაძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია ხის ლამინირებული ფანერებისა და ბუნებრივი ქვების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც 5 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და კომპანია „ეკომიქსის“ დაფუძნებულია. გარდა ამისა, ქუთაისში წლის ბოლოსთვის ერთ-ერთი უკრაინული კომპანია პლასტმასის ნივთების წარმოებას დაიწყებს, აზერბაიჯანული კომპანია კი რეგიონში მედიკამენტებისა და პარფიუმერული ნაწარმის ექსპორტ-იმპორტს გეგმავს.
სოსო ნიბლაძის თქმით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს საქართველოში პერსპექტივა აქვთ, თუმცა, ამ ეტაპზე მათი კონკურენტუნარიანობა მაღალი არ არის. მისი აზრით, სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელდეს და საგადასახადო წნეხი შესუსტდეს.
„თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ადგილობრივ ნედლეულზე, მათ შორის, სამშენებლო მასალებზეც 4%-იანი გადასახადი მოქმედებს. ჩვენთან, როგორც იცით, უცხოური კომპანიები შემოდიან, ძირითადად, ჩინური. ვთქვათ, კონსერვების წარმოება სურს რომელიმეს, პომიდორს ჩინეთიდან ხომ არ მოზიდავს? ეს გადასახადი თავის დროზე იმიტომ დაწესდა, რომ ეშინოდათ, ნედლეული რეექსპორტის რეჟიმში არ გასულიყო. თუმცა, ვფიქრობ, ამის კონტროლი სახელმწიფო უწყებებისგან შესაძლებელია“, - განაცხადა სოსო ჯიბლაძემ.
მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით, თუ თიზ-ში წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, დამატებით, 4%-იანი გადასახადი ეკისრება, რაც მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს.
„თურქეთში თუ თიზ-ში წარმოებული პროდუქციის 85% ექსპორტზე გადის, ხოლო დანარჩენი ადგილზე იყიდება, მთლიანად ათავისუფლებენ საშემოსავლო გადასახადისგან, ჩვენ კი ვიხდით“, - აღნიშნა სოსო ნიბლაძემ.
მენეჯერის თქმით, მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიწის გასხვისება იკრძალება.
„ფსიქოლოგიურად, ყოველ ინვესტორს სურს, წარმოება და მიწა თავის საკუთრებაში იყოს. გარდა ამისა, მან უნდა იხადოს ყოველთვიური ქირა, რაც ხარჯებს უზრდის. ამასთანავე, ეერ იყენებს თავის საწარმოს ლიკვიდურ კაპიტალად, საბანკო სესხის გამოტანის დროს ვერ ტვირთავს იპოთეკით, შესაბამისად, იძულებულნი ვართ, ისეთი პირები მოვიძიოთ, რომლებსაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება შეუძლიათ“, - აღნიშნავს სოსო ნიბლაძე.
„ჰუალინგის თიზ“-ში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაზე უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში არსებულ სხვა ინდუსტრიულ ზონებთან კონკურენცია გაუჭირდებათ.
„აზერბაიჯანში ახალი თიზი იხსნება, სომხეთში უკვე ორი ფუნქციონირებს, თუმცა, შეზუდულია სექტორების მიხედვით - მხოლოდ ძვირფასი ნაკეთობებსა და ქიმიურ წარმოებებზეა გათვლილი. თურქეთში 23 თიზი ფუნქციონირებს, მათ შორის, თიზი „Avropa” პირდაპირ საბერძნეთის საზღვართან მდებარეობს, სტამბულიდან 10 კმ-ში. ქალაქის პორტს კი პანამის ტიპის გემების მიღებაც შეუძლია. თურქეთი პრაქტიკულად, ჰაბია აზიისთვის ევროპაში, შესაბაამისად, რთულია კონკურენციის გაწევა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
„ჰუალინგის თიზ“-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქართულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს მეტოქეობას სახელმწიფო პროგრამებიც უწევენ.
„აწარმოე საქართველოდან“კომპანიას გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, შეუძლია, ნომინალურ ფასად მიწისა და შენობა-ნაგებობების მიიღოს, მათთვის მოქმედებს შეღავათიანი კრედიტების პროგრამებიც. ეს ძალიან კარგია ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ცხადია, შეგვიძლია, გარკვეული შეღავათები შევთავაზოთ კომპანიებს, მაგრამ საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არ ვართ? ქუთაისის ავტოქარხანა, რომელიც გაპარტახებული იყო, გავარემონტეთ, კომუნიკაციები გავიყვანეთ, შენობა-ნაგებობები ავაშენეთ, 5 წელიწადში,აღებული ვალდებულებით, სულ მცირე, 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ“, - აღნიშნავს სოსო ნიბლაძე.
„ჰუალინგში“ უცხოური კომპანიების მოზიდვის შემაფერხებელ გარემოებად, რეგიონში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას და სავალუტო რყევებსაც ასახელებენ.
ბელა ნოზაძე