ევროკავშირსა და დსთ-ში ექსპორტი შემცირდა, ჩინეთში კი - გაიზარდა
2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 2%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 165 მილიონი დოლარით განისაზღვრა. აქედან, ექსპორტმა 24%-ით მოიკლო, 185 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4 პროცენტით გაიზარდა, 980 მილიონ დოლარამდე. ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა.
16%-ით შემცირდა სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან, 953 მილიონ დოლარამდე, მათ შორის, ექსპორტი - 30% -ით (236 მილიონ დოლარამდე), იმპორტი კი - 9%-ით (717 მილიონ დოლარამდე).მთლიან ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტია.
საექსპორტო ქვეყნებში, 83 მილიონი დოლარით, თურქეთი ლიდერობს, სადაც ექსპორტი შარშანდელთან შედარებით, 4%-ით შემცირდა, სამაგიეროდ, 60%-ით გაიზარდა ქართული პროდუქციის რეალიზაცია ჩინეთის მიმართულებით, 79 მილიონ დოლარამდე. მესამე ადგილზე, 67 მილიონი დოლარით, რუსეთია, სადაც ექსპორტის 16%-იანი მატება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში შემავალი ქვეყნებიდან თითქმის ყველგან ქართული პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის, სომხეთში 30%-ით (58,5 მილიონ დოლარამდე), ბულგარეთში - 48%-ით (52 მილიონ დოლარამდე), აშშ-ში - 16%-ით (36 მილიონ დოლარამდე). ექსპორტის ყველაზე მასშტაბური კლება (3,7-ჯერ) წელს ხუთ თვეში შარშანდელთან შედარებით, აზერბაიჯანში დაფიქსირდა და 31 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციის სახეობებს, პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატების რეექსპორტმა დაიკავა, რომლის მოცულობა 17%-ით გაიზარდა და 127 მილიონი დოლარით განისაზღვრა. 31%-ით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი, 66 მილიონ დოლარამდე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 40%-ით (აზერბაიჯანში ამოქმედებული შეზღუდვების წყალობით), 63 მილიონ დოლარამდე; 21%-ით - თხილის ექსპორტი (საერთააშორისო ფასების დაცემის გამო), 58 მილიონ დოლარამდე; 24%-ით შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი და 40 მილიონი დოლარი შეადგინა. 14%-ით - აზოტოვანი სასუქების (39 მილიონ დოლარამდე). 15%-ით გაიზარდა ღვინოს ექსპორტი და 36,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
სულ, 2016 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 70 მილიონ დოლარს მიაღწია. აქედან, ექსპორტი 12%-ით შემცირდა, 780 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 8%-ით გაიზარდა, 3 მილიარდ 290 მილიონ დოლარამდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 62 პროცენტია.