მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტი მალე გაჯერდება
საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები საქართველოში განვითარების ჰიპერაქტიულ ეტაპზეა.
როგორც საბროკერო კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“ პროგნოზირებენ, 2016-2018 წლებში აღნიშნულ სეგმენტში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ბრენდული ქსელების აქტიურობა განვითარებად ბაზრებზე კი მსოფლიო ტენდენციაა.
კომპანიის ინფორმაციით, 2011-2015 წლებში სასტუმროებში ოთახების რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტორების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა, მათი საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20,3%-ს აღწევდა. გასულ წელს სასტუმროების ბრუნვამ საქართველოში 177,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
„დაგეგმილი მშენებლობების გათვალისწინებით, ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობა 2018 წლისთვის 6700-ს მიაღწევს, აქედან 63,5% თბილისზე მოდის. ჩვენი აზრით, მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების სეგმენტი საშუალოვადიან პერსპექტივაში გაჯერდება, რის პირველ ნიშნებსაც ჩვენ უკვე ვხედავთ. ინვესტორები უკვე აცნობიერებენ ამ შესაძლებლობას და მათი ინტერესი საშუალო სეგმენტზე ინაცვლებს“, - აღნიშავენ „გალტ ენდ თაგარტში“.
ექსპერტების თქმით, 2016-2018 წლებში თბილისში საშუალო კლასის ხუთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დასრულდება, მათ შორის, Hilton Garden inn, Ramada Encore, Golden Tulip, Park Inn Redisson და Moxy (Marriot), Best Western-ის სასტუმროები კი ბათუმში, ქუთაისში, ბაკურიანსა და გუდაურში გაიხსნება.
„გალტ ენდ თაგარტში“ მიიჩნევენ, რომ 2017 წლისთვის მაღალი კლასის სასტუმროების დატვირთვა პრობლემური გახდება, წნეხის შერბილება კი შესაძლებელია საქართველოს, როგორც „მაის ტურიზმის“ (საკონფერენციო ტურიზმის) დანიშნულების ადგილის, პოზიციონირებით.
„პირველი ნაბიჯები 2015 წელს ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა, როდესაც თბილისში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრა და „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა. თუმცა, ამ პოტენციალის გამოსაყენებლად საჭიროა გარკვეული სიცარიელე ამოივსოს - ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკონფერენციო ცენტრები. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული განვითარება ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება“, - აცხადებენ კომპანიაში.