დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი ტარდება - ფინანსური ბაზრები რყევების მოლოდინში
46,5 მილიონი ბრიტანეთის მოქალაქე დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს, დარჩება თუ არა მათი სამშობლო ევროკავშირში.
ისტორიული რეფერენდუმის ჩასატარებლად საარჩევნო უბნები ქვეყნის დროით 7 საათზე გაიხსნა და 22 საათზე დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს მესამე საერთო ეროვნული რეფერენდუმია, რომელიც დარჩენისა და გასვლის მომხრეთა შორის ოთხთვიანი "ბრძოლის" შედეგად ტარდება.
ის მხარე, რომელიც ხმათა ნახევარზე მეტს დააგროვებს, გაიმარჯვებს. შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ დილით გახდება ცნობილი. წინასწარი კვლევების მიხედვით, ხმები თანაბრად, პრაქტიკულად, 50/50-ზე იყოფა.
Brexit-ის, ანუ, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები აცხადებენ, რომ ბლოკი იმიგრანტთა ტალღას ვეღარ გააკონტროლებს, ამიტომ საჭიროა, მართვის სადავეები ბრიუსელიდან ლონდონს დაუბრუნდეს. მოწინააღმდეგენი კი მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას, უსაფრთხოებასა და სტატუსს დააზარალებს.
როგორც ბრიტანული მედია წერს, საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია, ევროკავშირის მომხრეთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, რეგიონებიდან კი - ლონდონი და შოტლანდია, რაც შეეხება ევროსკეპტიკოსებს, ისინი, ძირითადად, ასაკოვან თაობას წარმოადგენენ, რეგიონებიდან -ცენტრალურ ინგლისს.
„ წადი და ხმა მიეცი უფრო დიდი, უკეთესი ბრიტანეთის დარჩენას რეფორმირებულ ევროკავშირში“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა გუშინ თანამემამულეებს.
მისი ძირითადი მოწინააღმდეგე, ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონია, რომლის თქმით, Brexit „მდგომარეობიდან გამოსვლის უკანასკნელი შანსია“.
ტრეიდერები, ინვესტორები და კომპანიები უკვე მოემზადნენ ფინანსურ ბაზრებზე მოსალოდნელი არასტაბილურობისთვის. მათი აზრით, თუ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ფინანსური რყევები 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება.
საერთაშორისო ბანკები შიშობენ, რომ Brexit-ის შედეგად სტერლინგის კურსი სერიოზულად დაეცემა. თუმცა, მოწინააღმდეგეების საპასუხო არგუმენტია, რომ ვალუტის დევალვაცია ექსპორტის წახალისებას გამოიწვევს. ამ მოსაზრებას ცალკეული ფინანსისტები და მცირე ბიზნესებიც იზიარებენ.
აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა, ბარაკ ობამამ და ში ჯინფინგმა ბრიტანელ ამომრჩევლებს ევრკავშირში დარჩენისკენ მოუწოდეს, რაც გლობალური საფინანსო ორგანიზაციების, წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებისა და ცენტრალური ბანკირების დამოკიდებულებასაც გამოხატავს. იმავე პოზიციას აფიქსირებენ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები.
„დარჩით ჩვენთან, თქვენს გარეშე არა მარტო ევროპა, არამედ მთელი დასავლური საზოგადოება დასუსტდება, ერთად ჩვენ შევძლებთ მომავლის მზარდ რთულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ორშაბათს ლისაბონში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.