ბიზნესმომსახურების ერთიანი სივრცე იქმნება
საქართველოს მთავრობა ბიზნესის მომსახურებისთვის ერთიან სივრცეს ქმნის.
პროექტის მიხედვით, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში ბიზნესსექტორის მომსახურებისთვის, ერთ სივრცეში - ერთ შენობასა და ელექტრონულ პორტალზე - განთავსდება.
ეკონიმიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სერვისები „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობდეს და პროცესები გამჭვირვალე იყოს.
„დაინერგება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი „მხოლოდ ერთხელ“ (Only Once), რომლის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებს ექნებათ უფლება, მხოლოდ ერთხელ მოსთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია. ანუ, თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს ერთხელ მაინც აქვს თავის თავზე მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები იქნებიან ეს ინფორმაცია ერთმანეთთან მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს. ასევე შემოდის ახალი მოთხოვნა „უპირობოდ ციფრული“ (Digitaly byDefault), რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, მოახდინონ მათთან არსებული ყველა სერვისის თანმიმდევრულ ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, მათ შორის პოტენციური ინვესტორების შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილიც გახდება.
ინიციატივის განხორციელდებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ესტონეთის მთავრობა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში ეხმარება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება უკვე მიმდინარეობს, ერთ-ერთი კომპანია კი შენობის დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობს.