გერმანული Deutsche Bahn საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით დაინტერესდა
საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანია „Deutsche Bahn“-ს შორის დღეს თბილისში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
Deutsche Bahn ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია.
როგორც ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დოკუმენტი ითვალისწინებს ქართული და გერმანული სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლობის განვითარებას ორი მიმართულებით: 1. ტრანსკასპიური დერეფნის საშუალებით ტვირთების მიმოსვლას ჩინეთსა და ევროპას შორის; 2. ევროპიდან საქართველოს გავლით ტვირთის გადაზიდვას ირანსა და სპარსეთის ყურეში.
“Deutsche Bahn ტრანსკასპიურ დერეფანს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ მიმართულებას. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ”, - აცხადებენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.
"გერმანულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სიღრმისეულად გაცნობოდა საქართველოს რკინიგზის პროექტების მიმდინარეობის პროცესს. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ, ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა თანამშრომლობის სურვილი გააჩინა. მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ გადადგამენ”, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ხელმოწერის ცერემონიას გერმანიის ფედერალურ საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც დაესწრო, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გარდა ამისა, გერმანია-საქართველოს ბიზნესის “მრგვალი მაგიდა” გაიმართა, სადააც საქართველოსა და გერმანიის რკინიგზების გარდა, მონაწილეობდნენ ორი ქვეყნიდან ლოჯისტიკური ცენტრების, სამაცივრე მეურნეობებისა და სატრანზიტო სფეროში მომუშავე აითი-მომსახურების ფირმების წარმომადგენლები..