მსოფლიოში ხორბალი რეკორდულად გაიაფდა - ქართველ ფერმერებს უხვი მოსავალი ვერ ახარებთ
წელს ხორბლის კარგი მოსავალია, თუმცა, მყიდველები არ ჩანან, - განუცხადა eugeorgia.info-ს დედოფლისწყაროელმა ფერმერმა, ბესიკ თოფჩიშვილმა.
მისი თქმით, იმ ნაკვეთებზე, რომელიც არ დაისეტყვა, კახელმა ფერმერებმა 1 ჰა-ზე 4-5 ტონა მარცვლეული მიიღეს, რაც საშუალო მაჩვენებელზე, თითქმის, ორჯერ მაღალია. სამაგიეროდ, ხორბალზე ფასი მკვეთრად დაეცა.
„ერთი კგ ხორბალი 33-35 თეთრი ღირს, მაშინ, როცა შარშან 45 თეთრი ღირდა. თუმცა, გაყიდვა რომ მოვინდომო კიდეც, ვერ შევძლებ - წისქვილკომბინატები ჯერ არ გამოჩენილან“, - განაცხადა ბესიკ თოფჩიშვილმა.
ფერმერის თქმით, საწვავის გაიაფების მიუხედავად, მიწის დამუშავება, როგორც წინა წლებში, საკმაოდ ძვირი, 1 ჰა-ზე 1000 ლარი დაუჯდა.
„წარმოიდგინეთ, წინა წლებში 1 ლიტრი საწვავი 2,35 თეთრიც კი ღირდა, წელს - მხოლოდ 1,35 თეთრი. ამის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, მაგალითად, კომბაინით მოსავლის აღება, ძველებურად, 1 ჰა-ზე 90 ლარი ღირს. ძირითადად, სახელმწიფო კომპანია „მექანიზატორის“ მომსახურებას ვიყენებთ, რადგან ყველანაირი უახლესი ტექნიკა აქვთ. კერძო პირებს აქა -იქ მოძველებული მანქანები შემორჩათ, ისიც არასაკმარისია. თუმცა, ხანდახან ალტერნატივად ვიყენებთ. მაგალითად, შემოდგომაზე კერძო პირს ტრაქტორით მოვახნევინე მიწის ნაკვეთი და 1ჰა-ზე 50-52 ლარი დამიჯდა, მაშინ, როცა „მექანიზატორის“ ფასი 100 ლარს აჭარბებდა“, - აღნიშნა ბესიკ თოფჩიშვილმა.
ფერმერი აცხადებს, რომ აღებული ვალდებულებების გასასტუმრებლად ხორბლის რეალიზაცია ეჩქარება.
„კომბაინის ფულის მაქვს გასასტუმრებელი, 200-ჰა-მდე ნათესი მაქვს... როგორც სხვა ქვეყნებში, მთავრობას სუბსიდირებას არ ვთხოვთ, ისედაც ბევრი პრობლემაა, თუნდაც, ატმის დიდი მოსავლის დაბინავების კუთხით. მაგრამ, იქნებ, როგორმე რეალიზაციაში დაგვეხმარონ, ან სახელმწიფო მარაგების შექმნან, ან მომსახურებაზე ბარტერი დააწესონ“, - მიიჩნევს ბესიკ თოფჩიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოში რეკორდული მოსავალი მოვიდა, ხორბლის ნათესების ფართობმა 80 000 ჰა, ხოლო ქერის - 40 000 ჰა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10-15 % იწარმოება, დანარჩენი - მეზობელი ქვეყნებიდან, ძირითიდად, რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოდის, შესაბამისად, მარცვლეულზე ფასებს საერთაშორისო ბაზარი არეგულირებს.
წელს ხორბალი მსოფლიოში რეკორდულად გაიაფდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი - 1 ტონაზე 144 დოლარი- შეადგინა. გასულ წელთან შედარებით კი - 27-28%-ით გაიაფდა.
მარცვლეულზე ფასების დაცემის მიზეზი მსოფლიოს ორ უდიდეს ექსპორტიორ ქვეყანაში, აშშ-სა და რუსეთში, ჭარბი მოსავალი გახდა (აშშ-ში სელექციის შედეგად ფერმერებმა წელს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 1 აკრზე 56 ბუშელი - მიიღეს და 1998 წლის მაქსიმუმი 7 ბუშელით გააუმჯობესეს).
აშშ-ის ზოგიერთ შტატში მარცვლეულის ფასი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაწესებულ მინიმუმს ჩამოსცდა, მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად სუბსიდირების პროგრამების ამუშავება გადაწყვიტა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოში ხორბლის გაიაფების ტენდენცია შეინიშნება - 2012 წელს 1 ტ მარცვლეულის ღირებულება 361 დოლარს შეადგენდა.
ბელა ნოზაძე