სავაჭრო ბალანსი ჰეპატიტის წამლების ხარჯზე გაუარესდა
![http://eugeorgia.info/uploads/video_news/სავაჭრო ბალანსი ჰეპატიტის წამლების ხარჯზე გაუარესდა](http://eugeorgia.info/uploads/video_news/578e0b190ab25.jpg)
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ 705 მილიონი დოლარი შეადგინა.აქედან, ექსპორტი 12%-ით შემცირდა, 948 მილიონ დოლარამდე, სამაგიეროდ, 30%-ით გაიზარდა იმპორტი, 4 მილიარდ 757 მილიონ დოლარამდე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მილიარდ 809 მილიონი დოლარი (ბრუნვის 67%) შეადგინა, რაც რეკორდულად გაუარესებული მაჩვენებელია.
თუმცა, იმპორტის ზრდა, ძირითადად, მედიკამენტების ხარჯზე განხორციელდა: 2016 წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით, უცხოეთიდან (ძირითიდად, კანადიდან) შემოტანილი წამლების ღირებულება 5,5-ჯერ გაიზარდა და 1 მილიარდ 614 მილიონი დოლარს მიაღწია. აქედან, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (მაგ, ცე ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის) დონორების მიერ გადმოცემული მედიკამენტების ღირებულებამ 1 მილიარდ 486 მილიონ დოლარს მიაღწია. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში eugeorgia.info-ს განუცხადეს, გაეროს მეთოდოლოგიით, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტა ქვეყნიდან მათ შესაძენად არ გასულა, იმპორტის მაჩვენებელში მაინც აისახა. თუ სამკურნალო საშუალებებს გამოვრიცხავთ, იმპორტი, ჯამში, 9%-ით შემცირებულია, ხოლო უარყოფითი სალდო სავაჭრო ბალანსის 42,6%-ია.
საერთაშორისო ფასების დაცემის გამო 20%-ით შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი და 243 მილიონი დოლარით განისაზღვრა; 15% -ით მოიკლო ავტომობილების იმპორტმა, 219 მილიონ დოლარამდე. 29%-ით კი - ბუნებრივი აირის, 158 მილიონ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ აქციზის გაზრდის მიუხედავად, საზღვარგარეთიდან შემოტანილი სიგარეტის მოცულობა კვლავ უცვლელია (48 მილიონი დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, ათეულში პირველი და მეორე ადგილი არა საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციას, არამედ რეექსპორტს უკავია, აქედან სპილენძის მადნების და კონცენტრატების რეალიზაცია უცხოეთში გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 12%-ით გაიზარდა, 148 მილიონ დოლარამდე, მსუბუქი ავტომობილების კი 33%-ით შემცირდა, 75 მილიონ დოლარამდე. 47%-თ შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი, 74 მილიონ დოლარამდე. 6% და 32%-ით მოიკლო თხილისა და სამკურნალო საშუალებების რეალიზაციამ.
რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის სახელმწიფოებთან 1 მილიარდ 394 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით ნაკლებია. აქედან, 22%-ით შემცირდა ექსპორტი, 226 მილიონ დოლარამდე, იმპორტი კი 4 %-ით გაიზარდა, 1 მილიარდ 168 მილიონ დოლარამდე. რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, მათთან ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 153 მილიონი დოლარი შეადგინა,აქედან ექსპორტი 294 მილიონი დოლარით განისაზღვრა (29%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 859 მილიონი დოლარი (8 %-ით ნაკლები).