მარნეულის სასურსათო ქარხანა ფერმერებისგან პომიდვრის შესყიდვებს იწყებს
მარნეულის სასურსათო ქარხანა ფერმერებისგან მომავალი კვირიდან პომიდვრის შესყიდვებს იწყებს.
როგორც eugeorgia.info-ს ქარხნის დირექტორმა, ირინა გაფრინდაშვილმა, განუცხადა, წელს სეზონზე 10 ათას ტონა არასტანდარტულ ბოსტნეულს ჩაიბარებენ, 1 კგ პომიდვრის ღირებულება კი, საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაში 9-10 აშშ ცენტის ექვივალენტი იქნება.
მარნეულის სასურსათო ქარხანაში გასულ წელთან შედარებით, შესყიდვების 20%-ით გაზრდას გეგმავენ. ამავე დროს, კომპანია საკუთარ ბაღებსაც ფლობს, სადაც მოყვანილი ბოსტნეული მისი ნედლეულის 60%-ს შეადგენს.
„წარმოებას ყოველწლიურად ვზრდით, რადგან ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა, ჯერჯერობით, ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 30 %-მდე გვიკავია, შესაბამისად, ექსპორტზე ნაკლებად ვფიქრობთ“, - აღნიშნა მენეჯერმა.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და საკვების გადამუშავების დარგში ქვეყნის უმსხვილეს საწარმოდ იქცა. 2009 წლიდან „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ "მარგებელი ჰოლდინგის" ნაწილია. ქარხანაში დამონტაჟებულია პომიდორის გადამამუშავებელი იტალიური ხაზი, რომლის მეშვეობით საწარმოს შესაძლებლობა აქვს მიიღოს და გადაამუშავოს 30 ათასი ტონა ნედლეული. კომპანია ძირითადად, ოთხი ტიპის კონსერვსს აწარმოებს: ტომატ-პასტა, მჟავეულობა, მურაბები და საწებლები.