წითელი დოლის პური მალე სუპერმარკეტებში გამოჩნდება
გლდანში ქართული ენდემური ჯიშის ხორბლისგან დამზადებული პურის საცხობი იხსნება.
როგორც კომპანია „მზეთამზეს“ დამფუძნებელმა, ლალი მესხმა eugeorgia.info-ს განუცხადა, წითელი დოლის პური ქიმიური საფუარის გარეშე, ბიოლოგიურად სუფთა და, შესაბამისად, მაღალი საკვები ღირებულებით გამორჩეული პროდუქტი იქნება.
„მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია წარმოდგენილი, 5 მათგანი კი - ენდემური ჯიშია. დოლის პური გამოირჩევა დაავადებების მიმართ მდგრადი იმუნიტეტით, მის მოსაყვანად ქიმიური საშუალებები საჭირო არ არის. ასეთი ჯიშები დღეს მსოფლიოში იშვიათადაა შემორჩენილი, რადგან განვითარებული ქვეყნები ინტენსიურ წარმოებას მისდევენ. უცხოეთიდან ქართული ხორბლის ჯიშებისადმი დიდ ინტერესს იჩენენ. როგორც ვიცი, წითელი დოლის პური საფრანგეთშიც წაიღეს, მხოლოდ სახელწოდება შეუცვალეს და „კოკაზიან რუჟი“ (კავკასიური წითელი) დაარქვეს“, - განაცხადა ლალი მესხმა.
მეწარმის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია ნედლეულით კახეთიდან, კერძოდ, მელაანსა და დედოფლისწყაროდან მარაგდება, ერთ-ერთი მომწოდებელი შავნაბადას მონასტერია. იმისთვის, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიიღონ, „მზეთამზემ“ სპეციალისტი დაიქირავა, რომელიც მეურნეობების კონტროლს ახორციელებს. ნედლეული იშვიათია და საკმაოდ ძვირი ღირს, შესაბამისად, ნახევარკილოგრამიანი პურის ფასი, სავარაუდოდ, 2,5 ლარი იქნება.
„წარმოიდგინეთ, მხოლოდ 1 კგ ხორბალი 1 ლარი მიჯდება, ამას ემატება ტრანსპორტირებისა და დაფქვის ხარჯები, მაშინ, როცა 1 კგ ფქვილი 50 თეთრი ღირს“, - აღნიშნა მეწარმემ.
სიძვირის მიუხედავად, „მზეთამზეში“ იმედოვნებენ, რომ დღეში 500 კგ (1000 ცალი) პურის რეალიზაციას შეძლებენ. მოლაპარაკებებს სუპერმარკეტების ქსელებთან, მათ შორის, „ფრესკოსთან“, „გუდვილთან“, „სმარტსა“ და „ორ ნაბიჯთან“ უკვე აწარმოებენ.
„5 თვის განმავლობაში ფალიაშვილის ქუჩაზე საცხობს საცდელ რეჟიმში ვამუშავებდით, დღეში 50-60 კგ პურს ვყიდდით, რაც წარმოების ხარჯებს ვერ ფარავდა. მოგეხსენებათ, ვაკეში საკმაოდ ძვირია ფართის ქირა. მიუხედავად იმისა, რომ პრესტიჟული უბანია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მსყიდველუნარიანი არ არის. გადავწყვიტეთ, წარმოების გაფართოება და ქსელებში შესვლა, თანაც რამდენიმე გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მივიღეთ და მომხმარებლისგან დიდი მოწონება დავიმსახურეთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.