გერმანული კომპანიები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ
მაინის ფრანკფურტში ქართულ-გერმანული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ეკონომიკის საბჭოსა და ორგანიზაცია "ეკონომიკისა და კულტურის ქართულ-გერმანული კავშირის" თაოსნობით გაიმართა, მას ფრანკფურტის მერმა, უვე ბეკერმა, უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობა 40-მდე გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოს ბიზნესგარემო, ეკონომიკური განვითარების დინამიკა, საბაჟო და საგადასახადო სისტემები, მიმდინარე ენერგეტიკული და ინოვაციური პროექტები გააცნო.
გერმანელმა საქმოსნებმა საქართველოში ინვესტირებაზე დიდი ინტერესი გამოთქვეს, მათ შორის, ინდუსტრიული გაზის მწარმოებელმა საერთაშორისო კომპანია Messer Group-მა, რომელიც რეგიონში ბიზნესის დასაწყებად არსებული გარემოს შესწავლას გეგმავს. ქართულმა მხარემ Messer Group, ასევე ჰესენში მოქმედი ენერგოკომპანია Mainova და ნაგვის გადამამუშავებელი კომპანია FES ადგილზე მოინახულა.
ფორუმზე შეთანხმდნენ, რომ გერმანული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი თბილისში 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.