„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა.
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა.
პროგრამის მიხედვით, საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მთავრობამ სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, რომლისთანახმად, ქვეყნის ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორებთან ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.
„არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი „ქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, პროგრამის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
პროექტს ფონდი „ქართუ" და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია- Open net-ი, რომლის მეშვეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ, ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან მიერთებას მოინდომებს, იგი დაშვებული იქნება. ეს პროექტი, ერთის მხრივ - ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.