რატომ შემოაქვს „მაკდონალდსს“ ფუნთუშები უკრაინიდან - ქართული კომპანიების პრობლემები
„მაკდონალდსს“ ფუნთუშები ბურგერებისთვის უკრაინიდან შემოაქვს, რადგან იმპორტი საქართველოში წარმოებასთან შედარებით 20%-ით იაფი უჯდება, -განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანია „ემ სი ბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა, სანდრო რატიშვილმა. კომპანია პურ-ფუნთუშეულის აწარმოებს,ის 1998 წელს „მაკდონალდსთან“ ერთად ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ, სპეციალურად სწრაფი კვების ქსელის მოსამარაგებლად დააფუძნა.
ორი თვის წინ „ემ სი ბიმ“ ლილოში პურ-ფუნთუშეულის ახალი ქარხანა გახსნა. ბიზნესპროექტი ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა, აქედან, 300 ათასი დოლარი -სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ იაფი სესხის სახით მიიღო. კომპანია 12 სახეობის პროდუქციას, მათ შორის, სენდვიჩებს, კექსებსა და მაფინებს აწარმოებს და „ბეიქჰაუზის“ ბრენდით საცალო ქსელში ყიდის, თუმცა, კონკურენცია იმპორტთან საკმაოდ უჭირს.
დირექტორის განცხადებით, უკრაინული პროდუქციის თვითღირებულება იაფი ადგილობრივი ნედლეულის (ფქვილის, შაქრის, თუ მარილის) გამო დაბალია. თუმცა, ნედლეულის გარდა, ქართული წარმოების არაკონკურენტუნარიანობას სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, კომუნალური მომსახურების სიძვირეც განაპირობებს.
„საქართველო წყლის ქვეყანაა, ჩვენ კი ერთ კუბურ მეტრ წყალში 4,5 ლარს ვიხდით. ცხადია, ბუნებრივი რესურსების კომპანიები ბუნებრივი მონოპოლისტები არიან, მაგრამ მომხმარებლების დასაცავად მარეულირებელი კომისიები ხომ არსებობს? უფრო მეტსაც გეტყვით, ახალი ქარხანა რომ ავაშენეთ, თვეობით მოვუნდით ქსელთან მიერთებაზე საჭირო ნებართვების აღებას. არ აინტერესებს არც „ენერგოპროს“, არც „წყალკანალს“, შენ გეჩქარება თუ არა, ან რამდენად ზარალდები, თავისი ბიუროკრატიული სისტემა აქვთ... მათი მომსახურება კი ძალიან ძვირია, „ენერგოპრომ“მიერთებისთვის 100 ათასი ლარი მოგვთხოვა! არავინ აკონტროლებთ“, - აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.
სანდრო რატიშვილის თქმით, სერიოზული პრობლემებს ქართველ მეწარმეებს ლარის დევალვაციაც უქმნით, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბანკო ვალდებულებები გააჩნიათ.
„ჩვენ რომ იაფი კრედიტი მივიღეთ, მაშინ დოლარი 1,75 ლარი ღირდა, ახლა კი - 2,34 ლარია. რამხელა სხვაობაა?! კარგია, რომ სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელსაც ორწლიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, აქამდე ესეც არ იყო და მადლობლები ვართ, მაგრამ ორ წელიწადში როგორ წარმოგიდენიათ ქარხნის აშენება, დანადგარების ჩამოტანა, მონტაჟი, ტესტირება, პროდუქციის გამოშვება, დისტრიბუციის აწყობა ძლიერი კონკურენტების ფონზე და მოგების ნახვა, რომ სესხი გადავიხადოთ?! ვფიქრობ, კარგი იქნებოდა საშეღავათო პერიოდის გაზრდა, ამავე დროს სავალუტო რყევების თავიდან ასაცილებლად აქტიური სამთავრობო პოლიტიკის გატარება“, - აცხადებს სანდრო რატიშვილი.
მეწარმემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ანტიდემპინგური კანონპროექტის განხილვა, რომლის საფუძველზე ადგილობრივი წარმოება იაფი იმპორტირებული პროდუქციისგან თავს დაიცავდა.
„საქართველოში ბოლო 25 წელია, ეკონომიკის ისეთი მოდელი მუშაობს, რომ „მაკდონალდსმაც“ კი ჩვენგან ფუნთუშების შესყიდვა შეწყვიტა და უკრაინიდან შემოტანა დაიწყო, ვინღა საუბრობს იაფფასიან ჩინურ ტანსაცმელსა და თურქულ პომიდორზე... საქართველო იმპორტის ნემსზე ზის,როგორც ნარკომანი, ეს არის კატასტროფა, რაც მოკლე პერიოდში აუცილებლად გამოიწვევს კოლაფსს. ჩვენ არ მოვითხოვთ იმპორტის აკრძალვას, არამედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას“,- აცხადებს მეწარმე.
ბელა ნოზაძე