ღვინის ექსპორტში რუსეთისა და ჩინეთის წილი იზრდება, ყაზახეთის კი - მცირდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-ივლისში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 42%--ით გაიზარდა და 24 მილიონ ბოთლს მიაღწია ((0,75 ლ). ღირებულებით გამოხატულებაში მატებამ მხოლოდ 16% შეადგინა და 55,3 მილიონი დოლარით განისაზღვრა. გასულ წელს ექსპორტირებული ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი 2,8 დოლარი იყო, წელს კი - 2,3 დოლარი.
35-დან 44 -მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ქართული ღვინო იყიდება, პირველ ხუთეულში კი ტრადიციულად შედიან: რუსეთი, რომელის წილი მთლიანი ექსპორტში შარშანდელთან შედარებით, 50,6%-დან 52,9%-მდე გაიზარდა (12,7 მილიონი ბოთლი), შემდეგ ადგილებს ინაწილებენ უკრაინა (2,6 მილიონი ბოთლი), ჩინეთი (2,5 მილიონი ბოთლი) ყაზახეთი (1,9 მილიონი ბოთლი) და პოლონეთი (1,2 მილიონი ბოთლი).
ექსპორტის ყველაზე მასშტაბური ზრდა ჩინეთის მიმართულებით დაფიქსირდა - 152%, მას ჩამორჩებაბელარუსი - 122% (575 ათასი), უკრაინა - 72%,რუსეთი - 50%, პოლონეთი - 29%. გარდა ამისა, ღვინის რეალიზაცია გაიზარდა, თუმცა, მოცულობით მაინც მცირეა ესტონეთში - 57% (380 ათასი), ყირგიზეთი - 107% (164 ათასი), გერმანია - 21% (174 ათასი), იაპონია - 12% (101 ათასი), დიდიბრიტანეთი - 44% (59 ათასი). ამავე დროს, ქართული ღვინის რეალიზაცია მნიშვნელოვნად, 24%-ით შემცირდა ყაზახეთში.
ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ –3,2 მილიონი ბოთლი, „მუკუზანი“ –1,2 მილიონი ბოთლი, „წინანდალი“ – 1 მილიონი ბოთლი, „ახაშენი“ – 518 ათასი ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 169 ათასი ბოთლი.
რაც შეეხება ბრენდს, მისი ექსპორტი შვიდი თვის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით, 32%-ით გაიზარდა და 4,3 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა. რაც შეეხება ღირებულებას, 11%-ით მოიმატა, 9,9 მილიონ დოლარამდე.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ივლისში 92,3 მილიონ დოლარს მიაღწია. შარშან ეს მაჩვენებელი 70,7 მილიონ დოლარს შეადგენდა (23%-ით გაიზარდა).
ბელა ნოზაძე