რუსეთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, "როსნეფტის", წილის გაყიდვას გეგმავს
რუსეთი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ქვეყნის ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიის, “როსნეფტის”, წილის გაყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგთან” ინტერვიუში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ “როსნეფტმა” 2014 წლის ბოლოს საქართველოში ფოთის პორტის ნავთობტერმინალების მფლობელი “პეტროკას ჯორჯიას” აქციათა საკონტროლო პაკეტი (49%) შეისყიდა.
პუტინის განცხადებით, “როსნეფტის” აქციების მეხუთედი (19,5%) წელსვე გაიყიდება, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია შესაფერის სტრატეგიულ ინვესტორს იპოვნის. ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით, რუსეთმა სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წელს, იანვარში, ნავთობზე ფასები 12 წლის მინიმუმამდე დაეცა, ხოლო საწვავიდან მიღებული შემოსავლები იმდენად შემცირდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
თავად ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ “როსნეფტის” გაყიდვა მთავრობის სტრატეგიის ნაწილია, შეამციროს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში.
“რუსეთის მთავრობას არ სჭირდება აქციათა მსხვილი პაკეტები და ჩვენს გეგმას მივდევთ. საკითხი არ დგას, გვინდა ეს, თუ არა, არამედ, რამდენად აქვს აზრი და როდის?”, - აღნიშნა პუტინმა ინტერვიუში.
“ბლუმბერგის” გათვლით, “როსნეფტის” მიმდინარე საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, კომპანიის წილის პრივატიზაციამ, რუსეთის ბიუჯეტს, შესაძლოა, 11 მილიარდი დოლარი შემატოს და გაცილებით დიდი წვლილი შეიტანოს მის შევსებაში, ვიდრე ბრილიანტების მწარმოებელი კომპანია “ალროზას” გაყიდვამ, რომლის 10,9%-იანი წილი ივლისში 793 მილიონ დოლარად გასხვისდა.
აღსანიშნავია, რომ “როსნეფტის” აქციათა 20%-ს ბრიტანული კორპორაცია “ბრითიშ პეტროლიუმი” ფლობს.