„შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში უპრეცედენტო სესხების გაცემა იწყება.
სახელმწიფო პროექტის, „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში უპრეცედენტო სესხების გაცემა იწყება.
ახალი საბანკო პროდუქტი "თიბისი ბანკმა" სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა და ის მრავაწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენებაზეა გათვლილი.
სესხის მოცულობა 20 ათასიდან 600 ათასი დოლარამდეა. სესხით სარგებლობა ფერმერებს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. საპროცენტო განაკვეთს ნაწილობრივ, ან სრულად სახელმწიფო დაფარავს. ფერმერი კი სესხის გადახდას ბაღის მსხმოიარობაში შესვლისას დაიწყებს. საშეღავათო პერიოდის მაქსიმალური ვადა 5 წელია.
აგროსაინვესტიციო სესხით სარგებლობა იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც, სულ მცირე, 1 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობენ, მიწა იპოთეკით დაიტვირთება.
შეღავათიანი კრედიტით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი სრულ მსხმოიარობამდე. ხეხილის სახეობის მიხედვით, შეზღუდვებია დაწესებული: უპირატესობა მიენიჭება კაკლოვან კულტურებს, ვაშლს, ქლიავს, კივის, ხურმას და ხილის სხვა მოთხოვნად სახეობებს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული საბანკო პროდუქციის გარდა, პარალელურად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით „დანერეგე მომავალი", სადაც გრანტის სახით მიიღებს ნერგების ღირებულების 70 %-მდე და სარწყავი სისტემის - 50 %-მდე.
„თიბისი ბანკი“ 2013 წლიდან ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში - „შეღავათიანი აგროკრედიტი" და „აწარმოე საქართველოში". ამ პროექტების ფარგლებში ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე 320 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.