მეზღვაურების ხელფასი 15 ათას დოლარს აღწევს, თუმცა, საქართველოში ნაკლებად პოპულარულია
საქართველოს მსოფლიო შრომის ბაზარზე მეზღვაურების მიწოდების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, მოსახლეობაში პოპულარული ეს საქმიანობა არ არის, - განუცხადა eugeorgia.info-ს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ,
მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია 9 500 აქტიური სხვადასხვა თანრიგის მეზღვაური, რომლებსაც, ანაზღაურების სახით, ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად 200 მილიონი ლარი შეაქვთ.
„მეზღვაურობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიოში და, განსაკუთრებით, საქართველოში. მატროსის, ან მოტორისტის ხელფასი თვეში 1 000-1 200 დოლარიდან იწყება და გემის კაპიტნებისთვის 15 ათას დოლარს აღწევს“, - აღნიშნა მამუკა ახალაძემ.
მისი თქმით, მეზღვაურთა გადამზადებისთვის ქვეყანაში კერძო ინსტიტუტებთან ერთად ერთ-ერთი უძველები საზღვაო აკადემია ფუნქციონირებს, რომელმაც სისტემური რეფორმების გატარების შედეგად საერთაშორისო სერთიფიცირების უფლება მოიპოვა.
„ევროკავშირი არ აღიარებდა ჩვენი მეზღვაურების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციის სერთიფიკატს, ეს უფლება საქართველოს 2010 წელს შეუჩერდა. თუმცა, 2012 წლიდან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დავიწყეთ საზღვაო განათლების მიმართულებით ევროპული დირექტივების შესრულება, შემუშავდა და მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, გავიარეთ ევროკავშირის აუდიტი, 2013 წელს კი სერტიფიცირების უფლება მივიღეთ“, - განაცხადა ახალაძემ. მისი თქმით, პროცესი კვლავ გრძელდება და 2018 წელს საქართველო ვალდებულია, ევროკავშირის აუდიტორული შემოწმება ხელახლა გაიაროს.
როგორც საზღვარო დირექტორი აღნიშნავს, მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პერსპექტიული პროფესიის დასაუფლებლად არ აქტიურობს.
„ძირითადად, აჭარის მოსახლეობაა დაინტერესებული, ცენტრალურ საქართველოსა და თბილისში - ნაკლებად. არადა, ამ მხრივ, მსოფლიო ბაზარზე დიდი პოტენიალი გვაქვს. პროფესიის პოპულარიზაციისთვის გარკვეულ აქციებს ვმართავთ, სკოლებში დავდივართ და ვაცნობთ ინფორმაციას ახალგაზრდებს, 12-14 სექტემბერს ბათუმში დიდი საზღვაო ფორუმი ტარდება, სადაც ამ მიმართულებასაც დიდი ყურადღება დაეთმობა“, - აღნიშნა ახალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მეზღვაურის პროფესიის დასაუფლებლად 1 წლიდან 4 წლამდე სპეციალური სწავლებაა საჭირო.
ბელა ნოზაძე