მზადება რთველისთვის: KTW საკონიაკე სპირტის ყველაზე თანამედროვე ქარხანას ხსნის
კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) წელს 28 ათასი ტონა ყურძნის მიღებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, წელს ყურძნის შედარებით დიდი მოსავალი იქნება, ამიტომ KTW გასულ წელთან შედარებით, 5-7 ათასი ტონით მეტ ნედლეულს ჩაიბარებს, რთველისთვის საკუთარი ორი ქარხანა უკვე მოამზადა, იმავდროულად, კომპანიამ დამატებითი სიმძლავრეები მოიძია.
„ჩვენს ქარხებში, მათ შორის, ყვარელსა და ქედაში, 7-8- ათას ტონა ყურძენს გადავამუშავებთ, ამავე დროს ვიქირავეთ ორ-ორი ქარხანა გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებში. წელს ვგეგმავთ, საკონიაკე სპირტისთვის 23-25 ათასი ტონა რქაწითელი, ხოლო ღვინისთვის - 2-3 ათასი ტონა ყურძენი მივიღოთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 1 კგ რქაწითელის ფასი 80 თეთრი, ხოლო საფერავის - 1 ლარი იქნება. იმავდროულად, KTW აჭარაში საკუთარ ქარხანაში, ტრადიციულად, ჩხავერის, ცოლიკაურისა და სხვა გურულ და აჭარული ჯიშის ყურძენსაც მიიღებს.
„1 კილოგრამი ჩხავერის ფასი, როგორც შარშან, 2,5- 3ლარი ეღირება. ყველაფერს ჩავიბარებთ, არცერთი კილოგრამი გასაყიდი არ დარჩება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
„კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ რთველისთვის თვის ბოლოს სოფელ ველისციხეში ახალი საკონიაკე ქარხნის გახსნასაც გეგმავს.
„მშენებლობა წელს მარტში დავიწყეთ და პრაქტიკულად დასრულებულია. ეს იქნება საქართველოში ყველაზე თანამედროვე, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც უმაღლესი ხარისხის სპირტის გამოხდას შეძლებს, საწარმოო ხაზი უკვე დავამონტაჟეთ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, საბრენდე ქარხნის წარმადობა საკმაოდ მაღალია: დღე-ღამეში 120 ტონა ყურძნის გამოხდას შეძლებს. ინვესტიციის მოცულობა ბიზნესმენმა, ჯერჯერობით, არ დაასახელა.
„პროექტი საბანკო სესხით დაფინანსდა, თუმცა, პირველი ორი წლის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება სახელმწიფოს, კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განახორციელდება. პროექტის ღირებულებას ქარხნის გახსნისას, პრეზენტაციაზე გავაცხადებთ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ბელა ნოზაძე