""ევექსს" IFC-მ 25 მილიონი დოლარი გამოუყო
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) სამედიცინო კომპანია „ევექსს“ 25 მილიონი დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. აღნიშნული თანხით ქართული კომპანია საავადმყოფოების შენობების განახლებასა და იქ ახალი ტიპის მომსახურების დანერგვას გეგმავს.
როგორც IFC-ში აღნიშავენ, საქართველოს ჯანდაცვის ხარჯები ქვეყნის მშპ-ს 9 %-ს შეადგენს, რაც სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. თანხის უდიდესი ნაწილი კი მედიკამენტებზე იხარჯება და არა - სამედიცინო მომსახურებაზე.
„ქვეყნის სამედიცინო მომსახურების 80 %-ზე მეტს კერძო სექტორი უზრუნველყოფს. სახელმწიფო კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მათ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს. ეს ინვესტიცია ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში კერძო კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ინოვაციური და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა, იან ვან ბილსენმა.
სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ საქართველოში 35 საავადმყოფოს, 9 უბნის ამბულატორიასა და 28 ექსპრეს-ამბულატორიულ კლინიკას მართავს, რაც ქვეყანაში არსებული საწოლების მთლიანი რაოდენობის 25%-ია. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია (დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი მუშაობს). კორპორაცია „ევექსი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში შემავალი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მფლობელობაშია.