ევროკავშირმა საქართველოსა და სხვა აღმოსავლელი პარტნიორებისთვის ახალი ფინანსური დახმარება დაამტკიცა
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი-ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელთა შორის, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელარუსია, 37,3 მილიონი ევრო გამოყო.
ფინანსური პაკეტი ხუთი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორისაა:
„ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ (20 მილიონი ევრო) - განკუთვნილია ახალგაზრდების დასაქმების, ლიდერობისა და მეწარმეობისთვის, კონკრეტულად კი, მათი უნარების ამაღლებისთვის სტიპენდიებისა და გრანტების გაცემისა და პოლიტიკის შემუშავების გზით;
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების ჩართვაში შიდა და გლობალურ ღირებულებით ჯაჭვში“ (6 მილიონი ევრო) -პროექტი ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებზე წვდომასა და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაში;
„საზღვაო უსაფრთხოება და გარემოს დაცვა შავი და კასპის ზღვების რეგიონებში“ (4 მილიონი ევრო) - პროგრამა დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს რათა დანერგონ შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობა და მოიყვანონ შესაბამისობაში ევროკავშირის რეგულაციებთან. შედეგად, გარემო იქნება მეტად დაცული, ხოლო საზღვაო ტრანსპორტი - უსაფრთხო;
„ჭკვიანი“ავტომატური ვიდეო-კონტროლის სისტემის დანერგვა ბელარუსი-უკრაინის სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე (0,8 მილიონი ევრო);
ENI East Global Allocation (6,5 მილიონი ევრო) - თანხა მიმართული იქნება პროექტის მართვაზე, მისი მომზადებისა და მონიტორინგის ჩათვლით, აგრეთვე კომუნიკაციებსა და ინფორმაციის მისაწვდომობაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ამავე პროგრამის ფარგლებში ბელარუსსა და აზერბაიჯანს დამატებით, 42,5 მილიონი ევრო გამოუყო, რეგიონული და კერძო სექტორის განვითარების, მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების მოგვარების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მათი საექსპორტო შესაძლებლობების ამაღლებისთვის.