როგორ ავიღოთ ევროპული ბიზნესსესხები
ევროპული ბიზნესსესხების საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ევრობანკმა (EBRD) „საქართველოს ბანკს“ ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის გამოუყო, უცხოურ ვალუტაში 8-10% -ში, ხოლო ლარში - 11-12% -ში - მერყეობს. თუმცა, როგორც eugeorgia.info-ს ბანკში განუცხადეს, კონკრეტული პროექტის მიხედვით, შესაძლოა, მისი შემცირებაც (სავარაუდოდ, 1-1,5% -ით).
აღნიშნული პროექტი ევროკავშირმა საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში დაამტკიცა, მისი მოცულობა 100 მილიონი დოლარია, ფინანსური რესურსი კი EBRD-მა გამოყო.
ევროპული ბიზნესსესხების მიზანია, ქართულმა საწარმოებმა ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტები დანერგონ, რაც ხელს შეუწყობთ, საკუთარი პროდუქტი ევროპაში ექსპორტზე გაიტანონ.
„სესხები მეწარმეებს დაეხმარებათ, საკუთარი ბიზნესისთვის სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა - შეიძინონ, ან განაახლონ კომპანიის ავტოპარკი, გაარემონტონ, ან აღადგინონ შენობა-ნაგებობები, დააფინანსონ სხვადასხვა მიზნობრიობა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
სესხით ფინანსდება ძირითადი საშუალებები (საბრუნავი სახსრები პროექტში გათვალისწინებული არ არის).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც პროქტის ბენეფიციარები მიიღებენ, ეს არის სესხის 10%-15%, რომელიც უკან საჩუქრად უბრუნდებათ.
„თანხას მაშინვე იღებენ, როგორც კი მისი მიზნობრიობა შესრულდება, მაგალითად, მოთხოვნილი დანადგარი ჩამოვა და დამონტაჟდება. დასრულების პროცესს კი EBRD აფასებს“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“
როგორც eugeorgia.info-ს „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, სესხის აღების პროცესი სტანდარტულია: შემოწმდება აპლიკანტის საკრედიტო ისტორია, შესაძლოა, მოითხოვონ უზრუნველყოფა უძრავი (ან დამატებით მოძრავი) ქონებით. აპლიკანტმა უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური დოკუმენტაცია და დააფიქსიროს მიზანი, რისთვის სჭირდება თანხა (ბიზნესგეგმას არ ითხოვენ). თუ აღნიშნული მონაცემები მისაღები იქნება, ბანკი ინფორმაციას EBRD-ს უგზავნის. სწორედ ევრობანკი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმის დაფინანსებასა და პროექტში ჩართვაზე.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირს, ინდივიდუალური მეწარმეს, რომელთა ბიზნესიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 ადამიანს; კომპანიის წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროს არ აჭარბებდეს, საკუთარი კაპიტალი კი - 43 მილიონ ევროს.
როგორც ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კრედიტის მოცულობა 100 ათასიდან 3 მილიონ ევროში მერყეობს (ან ეკვივალენტი ლარში/აშშ დოლარში). თუმცა, „საქართველოს ბანკში“ eugeorgia.info-ს განუცხადეს, რომ შესაძლოა, შედარებით ნაკლებბიუჯეტიანი პროექტიც განიხილონ.
სესხის ხანგრძლივობა 3 თვიდან 10 წლამდე განისაზღვრება.