თბილისში პროფესიონალი კონსალტინგების საერთაშორისო კონფერენცია იმართება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, 3-4 ნოემბერს თბილისში პროფესიონალი კონსალტინგების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
EBRD ღონისძიებას ევროკავშირის პროექტის - EU4Business Initiative-ის ფარგლებში ახორციელებს. როგორც ევრობანკში აღნიშნავენ, ბიზნესკონსულტანტებს ეხმარებიან, აიმაღლონ კომპეტენცია და დაამყარონ კავშირები, რაც საშუალებას მისცემთ, მცირე და საშუალო საწარმოებს მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზონ.
კონფერენციაზე პლენარულ სესიებს წარუძღვებიან საკონსალტინგო ინდუსტრიისა და მსოფლიო ბიზნესის ლიდერები. სპეციალური ნაწილი დაეთმობა სწრაფი კონსალტინგის ჩატარების ახალი ტექნიკის, მოდელებისა და მიდგომების ანალიზს, რომელიც ინოვაციებსა და გამოცდილებასთან იქნება კომბინირებული.
ღონისძიებაში მონაწილეობის საფასური, რომელიც დაჯილდოებისთვის მოწყობილ ვახშამზე დასწრებასაც ითვალისწინებს, 200 ევროა. იმ შემთხვევაში, თუ მსურველს ეფექტური შეთავაზების წერაზე სემინარის მოსმენაც დააინტერესებს, თანხა 250 ევრომდე გაიზრდება.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა, დარჩენილ თანხას ევროკავშირის ფონდი აფინანსებს, - აცხადებენ EBRD -ში.
კონფერენციას დასწრებიან საერთაშორისო კონსულტანტები და საკონსალტინგო ფირმები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი პარტნიორების მოძიებაში.