სესხების წლიური ზრდის მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია
კომერციული ბანკების გაცემული სესხების მოცულობა (არარეზიდენტების ჩათვლით) სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, 74 მილიონი ლარით (0.5%-ით) გაიზარდა და პირველი ოქტომბრისათვის 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა. დაკრედიტების წლიური ზრდა მხოლოდ 6%-ით განისაზღვრა, მაშინ როცა წინა წლებში (2010 წლიდან მოყოლებული) ეს მაჩვენებელი 9,5%- 26,5%-ში მერყეობდა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აგვისტოსთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 150.1 მილიონი ლარით (2.6%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის კი - შემცირდა 76.1 მილიონი ლარით (0.7%-ით).
პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.51 % შეადგინა (ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 35.87% იყო).
ვაჭრობის დაკრედიტება წინა თვესთან შედარებით, 1%-ით (25 მილიონი ლარით), ხოლო ერთი წლის განმავლობაში 23%-ით (45 მილიონი ლარით) შემცირდა და მილიარდ 932 მილიონი ლარი შეადგინა. მიუხედაცად იმისა, რომ ვაჭრობა დაფინანსების კუთხით, კვლავ პირველ ადგილზეა, მისი წილი 2011 წლიდან დღემდე 46%-დან 25% -მდე შემცირდა.
მეორე ადგილზე მრეწველობაა, რომლის დაკრედიტება აგვისტოსთან შედარებით, 6% -ით, ხოლო წინა წელთან - 1%-ით შემცირდა და მილიარდ 668 მილიონი ლარი შეადგინა. სესხებში ამ სექტორის წილი 2011 წელთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა.
მესამე ადგილზე მშენებლობაა. მისი დაკრედიტებისას კომერციული ბანკები გაცილებით ხელგაშლილები აღმოჩნდნენ, ზრდამ ერთ თვეში 2%, ხოლო ერთ წელიწადში- 29% შეადგინა (სულ 737 მილიონი ლარი). მშენებლობის წილი მთლიან სესხებში 2011 წლიდან დღემდე 1%-დან 10%-მდე გაიზარდა.
ფინანსურ შუამავლობაზე გაცემული სესხების წლიურმა ზრდამ 11% შეადგინა, 695 მილიონ ლარამდე. ამ საქმიანობაზე კრედიტების 9% მოდის.
მნიშვნელოვანი წილი (8%) პორტფელში უკავია ოპერაციებზე უძრავი ქონებით და კვლევებზე გაცემულ სესხებს, რომლის მოცულობა ერთ წელიწადში 6%-ით გაიზარდა, 603 მილიონ ლარამდე.
დიდი ინტერესია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის მიმართულებით, რომლის დაკრედიტება გასულ წელთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა და 517 მილიონი ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები გასულ წელთან შედარებით, 6%-ით შემცირდა და 337 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მისი წილი საკრედიტო პორტფელში 2011 წელთან შედარებით, 1%-იდან 4,4%-მდე გაიზარდა.
შინამეურნეობებზე (ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია, მატებამ წინა თვესთან შედარებით, 2%, ხოლო გასულ წელთან - 14% შეადგინა და 8 მილიარდ 313 მილიონ ლარს მიაღწია. მისი წილი მთლიან სესხებში 52,2%-ია, ხუთი წლის წინ კი 41% იყო.