ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში სტრუქტურული ხარვეზებია
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში სტრუქტურული ხარვეზები შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ერთობლივ ანგარიშშია საუბარი.
ხარვეზების გამომწვევ მიზეზებად სახელდება დაქუცმაცებული მიწები, შეზღუდული წვდომა განათლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, აგროკრედიტებსა და დაზღვევაზე.
“ამის შედეგია მცირე მოსავალი და დაბალი პროდუქტიულობა, კვების პროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულება და აღნიშნული პროდუქტების მაღალი ფასები, ზოგადად საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დაბალი დონე”, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი 2015 წელს მშპ-ის მხოლოდ 9.2%-ს შეადგენდა.
ამასთან, 2009 წლიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი მთლიანობაში სტაბილურ ზრდას განიცდის, ხოლო 2015 წელს მთლიანი პროდუქცია, 2014 წელთან შედარებით, 2.7%-ით გაიზარდა. თუმცა ექსპორტის მოცულობა 2015 წელს 26%-ით შემცირდა ძირითადად რეგიონული ბაზრების დაღმასვლის და ვალუტის ცვალებადობის გამო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას იმ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლებსაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იძლევა.
ევროკავშირის საგარეო სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს 2015 წლის 1 იანვრიდან. ანგარიშში მოცემულია ის ძირითადი მოვლენები და რეფორმები, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული სტრატეგიული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელდა.