რუსეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი 42,3%-ით შემცირდა
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის დადებითმა საგარეო სავაჭრო ბალანსმა 79,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,4 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია.
კერძოდ, როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური იტყობინება, შარშანდელთან შედარებით წელს რუსეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი 42,3%-ით შემცირდა.
გაუარესდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც – უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბრუნვამ 376,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,0%-ით ნაკლებია.
ამასთან, შარშანდელთან შედარებით, ბოლო 10 თვის განმავლობაში ექსპორტი რუსეთიდან 21,5%-ით შემცირდა და 376,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 2,6%-ით - 148,3 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან ექსპორტზე ძირითადად, ენერგორესურსები გაიტანეს, რომლის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 62,5% შეადგინა, რაც შარშანდელთან შედარებით 5,2%-ით ნაკლებია. ექსპორტზე გატანილი ნავთობპროდუქტების მოცულობა შარშანდელთან შედარებით 9,8%-ით შემცირდა, აქედან თხევადი სასწავის - 18,2%-იანი, დიზელის საწვავის მოცულობამ კი 6,1%-იანი შემცირება დააფიქსირა.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში მეტწილად, სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა შეიტანეს. იმპორტირებული სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების მოცულობა, სარკინიგზო ტრანსპორტის გარდა, შარშანდელთან შედარებით 2,9%-ით შემცირდა, მსუქბუქი ავტომობილების - 23,6%-ით, სატვირთო მანქანების კი 14,2%-ით.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირი იყო, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 43,1% შეადგინა (შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში - 45,4%), დსთ-ს ქვეყნებთან - 12,5% (12,5%), ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან - 7,8% (7,8%), აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებთან კი 30,1% (27,8%).