ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ვადა ექვსი თვით, 2017 წლის 31 ივლისამდე გაუგრძელა.
როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, შემზღუდველი ზომები რუსეთს უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის გამო 2014 წლის 31 ივლისს დაუწესდა. შეზღუდვები ვრცელდება ფინანსურ, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებზე, ასევე ორმაგი მოხმარების პროდუქციაზე.
2015 წლის 19 მაისს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, სანქციების ხანგრძლივობა მინსკის შეთანხმების სრულ ამოქმედებასთან დაეკავშირებინა, რომელიც იმავე წლის 31 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა.
ეკონომიკური სანქციები მოიცავს:
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსეთის ხუთი ძირითადი საფინანსო ინსტიტუტის, სამი ენერგეტიკული და სამი თავდაცვის კომპანიისთვის ევროკავშირის კაპიტალის პირველად და მეორად ბაზრებზე მისაწვდომობის შეზღუდვას;
- იარაღის ექსპორტსა და იმპორტზე ემბარგოს;
- ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, რომლის გამოყენება შესაძლებელია სამხედრო დანიშნულებით, ექსპორტის აკრძალვას.
- შეზღუდვას რუსეთისთვის იმ აუცილებელი ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ნავთობის მოპოვებისა და წარმოებისთვის.
- ინდივიდუალურ შეზღუდვებს 152 პირისა და 37 ორგანიზაციების მიმართ, რაც ვიზებისა და ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს (2017 წლის 15 მარტამდე);
- შემზღუდველ ღონიძიებებს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიისთვის,აღნიშნულ ტერიტორიებზე 2017 წლის 23 ივნისამდე.