„თელიანი ველის" შვილობილ კომპანიას უცხოური და ადგილობრივი ლუდის საწარმოებლად ევრობანკი 18,5 მლნ დოლარს გამოუყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია Global Beer Georgia -ს ლუდის ინოვაციური ქარხნის მშენებლობასა და ფუნქციონირებისთვის 18.5 მილიონი ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს.
როგორც EBRD - ში აცხადებენ, 6.2 მილიონი ევროთი კომპანია "ევრობანკის" პირადი ანგარიშიდან დაფინანსდება, იმავე მოცულობის სესხებს ჰოლანდიის მეწარმეობის განვითარების ბანკი (FMO) და გერმანიის ინვესტიციისა და განვითარების ბანკი (DEG) გამოყოფენ.
Global Beer Georgia-ს დამფუძნებელი ღვინის კომპანია „თელიანი ველია“, რომელიც საქართველოში ცნობილი უცხოური ლუდის - Heineken-ისა და Krusovice-ის იმპორტიორია, თუმცა, უახლოეს წლებში გეგმავს ამ ბრენდების, ასევე Amstel-ის ლუდის ადგილზე წარმოებასა და რეალიზაციას როგორც შიდა ბაზარზე, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში. საერთაშორისო ბრენდების პარალელურად, მენეჯმენტი აპირებს ახალი ადგილობრივი ბრენდის ლუდისა და ლიმონათების წარმოებასაც. კომპანიის მთლიანი საინვესტიციო პაკეტი 37 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისთვის Global Beer Georgia ასევე მიიღებს ევრობანკის FINTECC (კლიმატური ცვლილებების საკითხებისთვის ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი) პროგრამის გრანტს. 73,000 ევროს მოცულობის გრანტი მოხმარდება კარბონის დიოქსიდის ზემოქმედების შემარბილებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც დაბლოკავს გაზიანი სასმელების წარმოების პროცესში გამოყოფილ ნახშირორჟანგს.
„საქართველო ცნობილია ღვინით, თუმცა, კარგი ხარისხის ლუდი ასევე ძალიან პოპულარულია; ცნობილი ბრენდების ადგილობრივად წარმოების დაწყებით, „თელიანი ველი“ არამარტო შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და გაზრდის წარმოების სტანდარტებს, არამედ, ასევე, შექმნის ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და კონკურენციას ლუდის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ფასისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა ბანკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია“, - განაცხადა ჟილ მეტეტალმა, "ევრობანკის" დირექტორმა სოფლის მეურნეობის დარგში.
როგორც EBRD -ში აცხადებენ, ეს პროექტი კარგად ასახავს ევრობანკის სტრატეგიულ მიმართულებებს - დააფინანსოს სოფლის მეურნეობის განვითარება, ხელი შეუწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის გაძლიერებას და დანერგოს საუკეთესო ევროპული სტანდარტები და გარემოსდაცვითი პრაქტიკა. საფინანსო ინსტიტუტმა 200-მდე პროექტში საქართველოში უკვე 3 მილიარდ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია ჩადო.