დიდ ბრიტანეთში ქართული მატყლი ექსპორტზე გავიდა
„ქართული მატყლის კომპანიამ“ დიდ ბრიტანეთში მატყლი ექსპორტზე გაგზავნა. მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროპულ ბაზარზე მოხვდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზაურ კულიევმა EUGEORGIA-ს განუცხადა, ბრიტანულ Curtis wool direct limited-ს საცდელი პარტია, 22 ტონა მატყლი, მიაწოდა, კვირის ბოლომდე მომავალ პარტნიორისგან უკვე კონტრაქტის სრული მოცულობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
„სავარაუდოდ, საუბარია, თვეში 100-200 ტონა მატყლის ექსპორტირებაზე. ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, ამ ეტაპზე ვერც კი შევძლებთ, მათი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა მეწარმემ.
ზაურ კულიევის თქმით, მატყლის გადამამუშავებელი უცხოური კომპანია მზადაა, 1 კგ მატყლი 0,90-1 აშშ დოლარად შეისყიდოს.
„ქართული მატყლი უხეშია და უცხოურთან შედარებით 40%-ით იაფად იყიდება, მას ბრიტანელები საკუთარ რბილ მატყლში ურევენ და ფარდაგებსა და მსგავსი ტიპის პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ“, - აცხადებს მეწარმე.
„ქართული მატყლის კომპანია“ ფერმერებისგან 1 კგ ნედლეულს 50 თეთრად იბარებს.
„ნორმალური ფასია, თუმცა, მთლიანი შეკვეთების დასამზადებლად 100 ათას ლარამდე გვჭირდება, რომლის მოძიებაც იოლი არ არის. სახელმწიფო შეღავათიანი სესხები საბრუნავ ხარჯებს არ აფინანსებს, პირველ ექვს თვეს გავიჭირვებთ და შემდეგ, იმედია, მოვახერხებთ თანხების მობილიზებას“, - აცხადებენ „ქართული მატყლის კომპანიაში“.
კომპანიამ ლილოში ახლახანს მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც უცხოური დონორების დახმარებით საწყობი მოაწყო და თანამედროვე საპრესი მოწყობილობა დაამონტაჟა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირსა და ბრიტანეთში მატყლის გატანის ნებართვის მისაღებად წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის. შედეგად, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია მისი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე.
„მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა, კომპანიებმა შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ზედამხედველობას უწევს სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამის რეკომენდაციებსაც უწევს. აღნიშნული გადაწყვტილებით, ევროკავშირმა საქართველოს დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც მეცხვარეობის დარგის სტიმულირებას და ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალის ზრდას განაპირობებს,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მიხეილ სოხაძემ.
2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია კიდევ ერთი ცხოველური პროდუქტის - თაფლის - გატანა ევროპულ ბაზარზე.