ევროკავშირს ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ევროს თაფლი იმპორტზე შეაქვს
ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის ყველაზე დიდი იმპორტიორია. როგორც ევროკომისიის პრეზენტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ჩინეთის შემდეგ პლანეტაზე თაფლს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებს - 250 ათას ტონას წელიწადში - საკუთარი მოთხოვნის მხოლოდ 60%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი კი - სხვა ქვეყნებიდან შეაქვს. თაფლის იმპორტის მოცულობამ ევროკავშირში 2015 წელს 198 ათასი ტონა შეადგინა (498 მილიონი ევრო).
თაფლის დანაკლისს ევროპა, ძირითადად, ჩინეთის ხარჯზე ივსებს, რომელზეც იმპორტის 50% მოდის (98 ათასი ტონა). მეორე ადგილზე იმპორტიორ ქვეყნებს შორის მექსიკაა (26 ათასი ტონა), ხოლო მესამეზე - უკრაინა (21 ათასი ტონა). არგენტინასა და ჩილეს ევროკავშირში, დაახლოებით, 10-10 ათასი ტონა თაფლი შეაქვთ.
წევრ-ქვეყნებს შორის თაფლი ყველაზე დიდი მოცულობით გერმანიაში შედის (60 ათას ტონაზე მეტი), მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია (36 ათასი ტონა), მესამეზე - ბელგია (30 ათასი ტონა), მეოთხეზე კი - ესპანეთი (20 ათას ტონაზე მეტი). ამ ქვეყნებში თაფლის იმპორტი 2011 წლიდან განუხრელად იზრდება.
1 კგ მულტიფლორული თაფლის საშუალო საბითუმო ფასი ევროკავშირში 5,76 ევროა. ქვეყნების მიხედვით, თაფლი ყველაზე ძვირი მალტაშია (1 კგ/15 ევრო), მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი (10 ევრო), ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი (დაახლოებით, 7 ევრო), ყველაზე დაბალი კი - უნგრეთსა და პოლონეთშია (2-2 ევრო).
რაც შეეხება საშუალო ფასს იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით, 1 კგ თაფლი ჩინეთიდან საშუალოდ 1.64 ევრო ღირს, მექსიკიდან - 3.25 ევრო, უკრაინიდან - 2.16 ევრო, არგენტინიდან - 3.24 ევრო, ხოლო ჩილედან - 3.72 ევრო. ყველაზე მაღალი ფასი - 1 კგ/16.14 ევრო დაფიქსირდა ახალზელანდიურ თაფლზე (2015 წლის მონაცემები).
თაფლის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ევროკავშირში არიან: რუმინეთი (35 ათასი ტონა), ესპანეთი (32 ათასი ტონა) და უნგრეთი (31 ათასი ტონა).
იმპორტიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირის შემდეგ მსოფლიოში აშშ -ია - 175 ათასი ტონა (546 მილიონი ევრო) და იაპონია - 36 ათასი ტონა (106 მილიონი ევრო).
აღსანიშნავია, რომ თაფლის წარმოების წასახალისებლად მეფუტკრეებისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 33 მილიონ ევროს გამოყოფს, დაფინანსების წყალობით, 2013 -2015 წლებში სკების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა და 15,7 მილიონ ერთეულს მიაღწია. ევროპელ მეფუტკრეთა 98%-ს მცირე ფერმერები შეადგენენ, რომელთა მფლობელობაში 150 სკაა.