"ნამახვანი" ყველაზე დიდი ჰესი იქნება, რომელიც ნორვეგიული ინვესტიციით უცხოეთში აშენდება
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაში ინვესტორი, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
როგორც ცნობილია, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ ჰესების პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობისთვის კონკურსი 2015 წლის დეკემბერში გამოაცხადა, ინტერესი სამმა კომპანიამ - „ჯენერალ დეველოპმენტმა“, POWERCHINA RESOURCES-მა და CLEAN ENERGY GROUP GEORGIA-მ გამოხატა,გასულ კვირას ამ კონკურსში ნორვეგიულმა CLEAN ENERGY-მ გაიმარჯვა.
როგორც Clean Energy-ის მენეჯმენტმა განაცხადა, თურქულ კომპანია Enka -სთან თანამშრომლობით ჰესის მშენებლობას ხუთ წელიწადში დაასრულებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 7-8 მილიარდი ნორვეგიული კრონია (840-960 მილიონი დოლარი). ნამახვანის ჰესების კასკადის დადგმული სიმძლავრე 436 მეგავატი იქნება და წელიწადში, დაახლოებით, 1,5-1,6 ტერავატი საათის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
„ეს იქნება ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ნორვეგიული ინვესტიციით უცხოეთში აშენდება“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორნ ბრანდცეგმა ნორვეგიულ გაზეთთან - Norway Today-სთან საუბრისას.
„ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში“, - განაცხადეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“.
ფონდის ინფორმაციით, პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 730 მილიონი აშშ დოლარი კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური აცხადებდა, ჰესში ინვესტირებით თურქული და კორეული კომპანიები დაინტერესდნენ. მთავრობა ვარაუდობდა, რომ პროექტის რეალიზაციას 2011 წელს შეძლებდა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა.