ევროკავშირი შავი ზღვის ქვეყნებში ბიზნესის განვითარებასა და გარემოს დაცვაზე გრანტებს გასცემს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამა 2014-2020“-ის (The Black Sea Basin Programme 2014-2020) განსახორციელებლად წინადადებების მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, რომლის ღირებულება 19,7 მილიონი ევროა, პროექტები, ძირითადად, ორი მიმართულებით დაფინანსდება: შავი ზღვის ქვეყნებში ბიზნესისა და მეწარმეობის ხელშეწყობა და გარემოს დაცვა და ზღვის დაბინძურების შემცირება.
კონკრეტულად, პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესის ხელშეწყობას ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, სასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობების გაზრდას, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაციას. ამ მიმართულებით გაცემული გრანტების მინიმალური მოცულობა პრიორიტეტების მიხედვით 300 ათასი ევრო, ხოლო მაქსიმალური -1,5 მილიონი ევრო იქნება. რაც შეეხება გარემოს დაცვას, პროექტები ფოკუსირებული უნდა იყოს გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგის გაუმჯობესებაზე, ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობასა და მდინარეებისა და ზღვების დაბინძურებისგან თავის აცილების ერთობლივ ღონისძიებებზე. გრანტების მოცულობა 300 ათასიდან -1 მილიონ ევრომდეა.
პროექტების ღირებულების 92% გრანტის სახით გაიცემა, დარჩენილი 8% კი თანადაფინანსებით უნდა დაიფაროს.
წინადადებების წარდგენის ვადა 31 მაისია.მსურველებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ ვებ-გვერდზე: http://ems-bs.mdrap.ro