ევროპაში ექსპორტზე პირველი ქართული ფინანსური სერვისი გავიდა
კომპანია „კრედიტპლატფორმამ" ქართული მაღალტექნოლოგიური (HighTec) ფინანსური სერვისი პირველად ევროპაში ექსპორტზე გაიტანა.
კომპანიამ, რომელიც იპოთეკური სესხების ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, პლატფორმა შექმნა, სადაც ყველა მსესხებელი და გამსესხებელი ერთ სივრცეში მოაქცია. „გამსესხებლებლის კონკურენციაში ჩაყენება თითოეული მსესხებლის განაცხადისთვის იძლევა უკეთესი პირობების და დაბალი პროცენტის გარანტიას. ამავდროულად, გამსესხებლები ზოგავენ მარკეტინგისა და ოპერაციების ხარჯებს და მსესხებლებს ირჩევენ თავიანთი რისკების პოლიტიკის შესაბამისად“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
„კრედიტპლატფორმას“ პროექტმა ესტონელი ინვესტორების ყურადღება მიიქცია, რომლებიც კომპანიას გახსნიდან 3 თვეში დაუკავშირდნენ. მოლაპარაკებების შედეგად, ესტონური სააქციო კომპანია Lendika გამოიყენებს „კრედიტპლატფორმას“ ბიზნესმოდელს, ინფორმაციულ ტექნოლოგიას, ხოლო ქართული კომპანია გახდება Lendika-ს აქციების მფლობელი.
„Lendika-ს სურდა შეექმნა პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ფულის სესხება ან გასესხება. მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები Oracle -სა და სხვა ამერიკულ თუ ევროპულ კომპანიებთან პროგრამული უზრუნველყოფისთვის. თუმცა, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ უკვე არსებობდა ასეთი მოდელი, შექმნილი და დანერგილი „კრედიტპლატფორმას“ მიერ. ინვესტორთა ჯგუფი აკვირდებოდა „კრედიტპლატფორამას“ განვითარებას. რამდენიმეთვიანი შესწავლისა და მოლაპარაკებების შემდეგ, მათ აირჩიეს „კრედიტპლატფორმა“, რადგან ჩვენ შევთავაზეთ თანამედროვე, დახვეწილი ბიზნესმოდელი, რომელიც მთლიანად მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს“, - აცხადებენ ქართულ კომპანიაში.
“კრედიტპლატფორმა“ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოქმედ კომპანიებთანაც აწარმოებს.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს