ბრიტანელი ჟურნალისტი: ქართული მატყლის პოპულარიზაციას მითი ოქროს საწმისზე დაეხმარება
ბრიტანეთის შემდეგ ქართული მატყლით ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაინტერესდნენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ წარმომადგენელმა, დავით ქველაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში იტალიასა და ბელგიაში რამდენიმე ფუთა მატყლი საცდელად გაიგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელ შემკვეთებს ხარისხი მოეწონებათ, სისტემატურ მიწოდებაზე შეთანხმდებიან.
„მერსი ქორფსი“ ეხმარება კომპანია „ქართულ მატყლს“ წარმოებისა და ექსპორტის ორგანიზებაში. აღნიშნულმა კომპანიამ გასულ თვეს მატყლის საცდელი პარტია ინგლისში გაგზავნა. ორიოდე კვირის წინ კი ბრიტანულ Curtis wool direct limited-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, თვეში 40 ტონა პროდუქციას მიაწვდის.
„40 ტონა მატყლი ორი კონტენიერის მოცულობაა. ამ ეტაპზე ლოჯისტიკური მხარეა გასათვლელი. დაახლოებით, ორი თვე მაინც სჭირდება პროდუქციის ტრანსპორტირებას და შემოწმებას, არ უნდა იყოს დააგვიანდეს. თუ ვეტყვით, რომ ორ კვირაში მიიღებენ მატყლს, პლუს მინუს ხუთი დღე, ამაზ მეტ ხანს შეფერხება არ შეიძლება“, - აცხადებს დავით ქველაშვილი.
1 კგ ქართული მატყლის ფასი, დაახლოებით, 40-80 ცენტის ფარგლებში მერყეობს.
"ქართული მატყლი უხეშია და უცხოურთან შედარებით 40%-ით იაფად იყიდება. მას ბრიტანელები საკუთარ რბილ მატყლში ურევენ და ფარდაგებსა და მსგავსი ტიპის პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ", - განუცხადა EUGEORGIA-ს-სქართული მატყლის დამფუძნებელმა, ზაურ კულიევმა.
ბრიტანელი აგროჟურნალისტი, ჰეზერ როუზ ბრიგსი მიიჩნევს, რომ ქართულ მატყლს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.
„მატყლის ინდუსტრიაში დიდი ცვლილებებია, ჩვენ მატყლს სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ, მისგან ვაწარმოებთ კომპოსტს მცენარეებისთვის, შესაფუთ მასალას რძისა და სხვა პროდუქტებისთვის, საიზოლაციო მასალას ოფისებისა და სახლებისთვის, ასე რომ მატყლს დიდი შესაძლებლობები აქვს და მისი იმპორტი დიდ ბრიტანეთში ქართველ ფერმერებს დიდ გზას უხსნის ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
ჰეზერ როუზ ბრიგსი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, სასურველი იქნება, ქართველი მეწარმეები მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს გაეცნონ და ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიები შემოიტანონ. ამასთანავე, აგროჟურნალისტი გვირჩევს, მისი პოპულარიზაციისთვის მითოლოგიაც კი გამოვიყენოთ
„პოტენციურმა მყიდველებმა უნდა იცოდნენ ყველა ის დადებითი მახასიათებელი, რაც ქართულ მატყლს აქვს, ამის შემდეგ მისი რეალიზაციის შესაძლებლობა გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მეცხვარეობა პოპულარული დარგი გახდება ქართველ ფერმერებს შორის. ამასთანავე, სასურველია, თუ ქართულ მატყლს თავის დამკვიდრებაში მითოლოგიაც დაეხმარება. როგორც ვიცი, ძალიან პოპულარულია ბერძნული მითი იასონის და ოქროს საწმისის შესახებ, რომელიც სწორედ საქართველოდან მოდის... მსოფლიო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად და საკუთარი ბრენდის შესაქმნელად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული სვლა იქნება“, - მიიჩნევს ჰეზერ როუზ ბრიგსი.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში 2000 ტონა მატყლის წარმოებაა შესაძლებელი.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს