უნიკალური ქართული სასუქები ევროპის ბაზარზე წარმატებით იყიდება
კომპანია „ჯეოფერტმა“ გერმანიაში 8 ათასი ტონა ბიოსასუქი ექსპორტზე გაიტანა.
როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, დავით კუპრავამ eugeorgia.info-ს განუცხადა, საცდელი ნიმუშები ევროკავშირში გასულ წელს გაიგზავნა. გერმანელ პარტნიორებს პროდუქცია მოეწონათ და სისტემატურ მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმეს.
„ჯეოფერტი“ სამი სახეობის სასუქს- „ჯეოჰუმატს“, „ბაქტოფერტსა“ და „ცეოლითს“ აწარმოებს. ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქები ბუნებრივი ცეოლითის საფუძველზე მზადდება. ტექნოლოგია „ჯეოფერტის“ მეცნიერთა ჯგუფმა ორწლიანი მუშაობის შედეგად დანერგა.
„ეს უნიკალური პროდუქტია, ნოუ-ჰაუ, რადგან ერთდროულად სამივე მახასიათებელი აქვს, როგორც მინერალური, ასევე ბაქტერიული და ორგანული. მას კონკურენტი არ ჰყავს ევროპის ბაზარზე“, - აღნიშნა დავით კუპრავამ.
მენეჯმენტის თქმით, გერმანიის გარდა, ‘ჯეოფერტის“ სასუქები ექსპორტზე ყახაზეთში,თურქეთში და ბულგარეთშიც გადის. საცდელი პარტია ახლახანს ესპანეთშიც გაგზავნეს.
„ორიენტირებულები ვართ როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. შარშან, 30 სექტემბერს გაიხსნა ჩვენი საწარმო და უკვე 40 ათასი ტონა პროდუქციის რეალიზაცია შევძელით. ჩვენი წარმადობა 100 ათასი ტონაა წელიწადში, რომლის სრულად ათვისებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა დავით კუპრავამ.
მისი თქმით, სასუქების გარდა, კომპანია გაზაფხულიდან პესტიციდებსაც გამოუშვებს, რომელიც ასევე ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება.
მაღალტექნოლოგიური მიკრობიოლოგიური საწარმო კასპში მდებარეობს და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და საწარმოო ხაზებით არის აღჭურვილი. მისი მესაკუთრეა პანამაში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“ და კომპანია „აგრობიოფერტი“, რომლის დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს